„გარწმუნებთ, არანაირი განხეთქილება არ არსებობს“ – ბურჯანაძის გულახდილი ინტერვიუ

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენად მტკიცეა გაერთიანებული ოპოზიციის ერთობა, წამოაყენებს თუ არა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თავის კანდიდატურას ერთმანდატიან ოლქში – ამ და სხვა აქტუალურ პოლიტიკურ თემებზე ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთ თვეზე ნაკლები რჩება. თუმცა არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის პარტიული სიები ჯერ არ არის ცნობილი. ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ოპოზიციას სულ უფრო უჭირს ერთობის შენარჩუნება და მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებზე შეთანხმება.

რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, ის შერეული სისტემით გაიმართება. პარტიებისთვის 1%-იანი გამსვლელი ბარიერი დაწესდება, ერთმანდატიანი ოლქების რაოდენობა კი შემცირდება. ეს ყველაფერი, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდება. საპარლამენტო ოპოზიცია ხომ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ თავადაა დაინტერესებული ამ ცვლილებებით.

„Sputnik-საქართველო“ პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერთან ნინო ბურჯანაძესთან ერთად შეეცადა მიმდინარე მოვლენების გაანალიზებას.

- აპირებს თუ არა პარტია „ერთიანი საქართველო“ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენებას და თქვენ თუ გეგმავთ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას?

- ჩვენი პარტია ყოველთვის მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგი იყო. ჩვენ ვიბრძოდით საარჩევნო სისტემის ისე შესაცვლელად, რომ მთელი პარლამენტი დაკომპლექტებულიყო პროპორციული სიებით, უფრო სწორად, კანდიდატებით, რომლებიც პარტიული სიებით გადიან.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ოპოზიციის გაერთიანების მიზანი ერთმანეთის ხმების დაცვაა

ხელისუფლებას მაინც მოუწია დათმობაზე წასვლა შემოდგომაზე რეფორმის ჩავარდნის შემდეგ და შედეგად ჩვენ ვიღებთ არასრულ პროპორციულ სისტემას – მაგრამ მაინც უკეთესს, ვიდრე დღევანდელია. ახლა 120 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა, 30 კი მაჟორიტარულ ოლქებში.  

ვინაიდან ჩვენ მაჟორიტარული სისტემის წინააღმდეგი ვართ, ძალიან რთულია იყო იმ პროცესის მონაწილე, რომლის წინააღმდეგაც გამოდიხარ, და მაჟორიტარად იყარო კენჭი, როდესაც ამბობ, რომ ეს ქართული სიტუაციის ანაქრონიზმია და არა ის, რაც სჭირდება ქართველ ხალხს და ქართულ პარლამენტს.

მეორე მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ, რასაკვირველია, თბილისში აუცილებელია ლიდერების, ძლიერი კანდიდატების წამოყენება. მაგრამ როდესაც საკითხს პარტიის საბჭოში ვიხილავდით, გადავიხარეთ იმისკენ, რომ არც მე, არც პარტიის გენერალურმა მდივანმა ან სხვა ლიდერებმა კანდიდატურები არ უნდა წამოვაყენოთ, ვინაიდან პრაქტიკულად შეუძლებელია მაჟორიტარული კამპანიის წარმოება თბილისში და ამავდროულად კამპანიის წარმოება მთელ საქართველოში.

ასე რომ, მე მაჟორიტარ დეპუტატად ჩემს კანდიდატურას არც ერთ ოლქში არ წამოვაყენებ და აქტიურად ჩავერთვები საერთო წინასაარჩევნო კამპანიაში ქვეყნის მასშტაბით.

მოგვიწევს ძალიან სერიოზული მუშაობა რეგიონებში, ვინაიდან იმ ბრძოლის დამსახურებით, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, დედაქალაქის ფარგლებს გარეთ თითქმის ყველა ჩვენი ოფისი დაიხურა. 

მოგვიწევს სერიოზული დახმარების აღმოჩენა პარტიის ადგილობრივი აქტივისტებისთვის, ძალიან აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. ამიტომ გადავწყვიტეთ, არ წამოვაყენოთ ჩვენი კანდიდატურები თბილისში და ყურადღებით ვადევნოთ თვალი ოპოზიციის კოორდინაციის პროცესს.

რა თქმა უნდა, იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც ვუქომაგებთ ან, სულაც, მხარს დავუჭერთ. შესაძლოა იყვნენ ისეთი კანდიდატებიც, რომლებიც ჩვენს მხარდაჭერას ვერ მიიღებენ. ეს თბილისში. რაც შეეხება რეგიონებს, იქ მოლაპარაკების პროცესი ოპოზიციურ პარტიებს შორის გრძელდება. რეგიონები დაკომპლექტებულია ძალიან რთული სქემით – ორი, სამი, ოთხი მუნიციპალიტეტი გაერთიანებულია ერთ ოლქში, რაც მთავრობას შესაძლებლობას აძლევს, ძალიან სერიოზულად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. კანდიდატების წამოყენების დროს საჭიროა ამ ფაქტორის გათვალისწინებაც.

- როგორ უყურებთ მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი პარტიული სიის ვარიანტს?

- რაც შეეხება ინიციატივას, რომელიც სააკაშვილმა წამოაყენა, რასაკვირველია, ის თავის სტიქიაშია. მისთვის მთავარია პირადი ინტერესი და არა სახელმწიფოს და ხალხის ინტერესები.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მისი განცხადება ერთიან სიასთან დაკავშირებით, რადგან ეს აძლიერებს სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ როლს და კვლავ ემსახურება არსებული პოლიტიკური სისტემის პოლარიზაციას: ივანიშვილი ან სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ან „ქართული ოცნება“.

ჩვენი და არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ოპოზიციის ძირითადი ნაწილის და, რაც მთავარია, ხალხის დიდი ნაწილის მიზანი სწორედ პოლარიზების თავიდან არიდებაა, მივცეთ ადამიანებს განსხვავებული პოლიტიკური პარტიებიდან არჩევის შესაძლებლობა, რათა მივიღოთ მართლაც მრავალპარტიული პარლამენტი და გამოვრიცხოთ ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობა.

დიახ, აქტიურად ვმონაწილეობ საქართველოში პოლიტიკურ ბრძოლაში და ვარ ოპოზიციაში. რასაკვირველია, მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ გავაკეთებ რამეს, რათა სააკაშვილს დავეხმარო, მაგალითად, პარლამენტში ხმების მაქსიმალური რაოდენობის მისაღებად. ამიტომ ნებისმიერი მისი წინადადება, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ გაძლიერდეს მისი პოზიციები და მისი პოლიტიკური ძალა, ჩემი მხრიდან არავითარ მხარდაჭერას არ მიიღებს.

- როგორია თქვენი შეხედულება ოპოზიციის იმ პირობის მიმართ, რომლის თანახმადაც, იგი კენჭისყრაში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სრულად შესრულდება 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება გიორგი რურუა?

- პარლამენტში რომ ვიყო, ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებდი მონაწილეობას კენჭისყრაში, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებები კანონში შევიდეს.

სხვა საქმეა, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა პარლამენტში არიან სხვა პარტიებიც და „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რომლებმაც ცალსახად განაცხადეს, რომ შესწორებებს მხარს დაუჭერენ. ამიტომ, ყველა გათვლით, „ქართულ ოცნებას“ ახლა საკმარისზე მეტი ხმა აქვს იმისათვის, რომ შესწორებები დაამტკიცოს.

- და, მაინც, რატომ ითხოვს ასე დაჟინებით ოპოზიცია რურუას გათავისუფლებას, როდესაც სასწორზე ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დევს?

- აქ საქმე პრინციპებს ეხება. „ქართული ოცნება“ ცალსახად დასთანხმდა იმ შეთანხმების პირობებს, რომელსაც 8 მარტს მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებაში მონაწილეობდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, ერთიანი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსი. ყველანი ერთად გავედით ჟურნალისტებთან და განვაცხადეთ, რომ შეთანხმება მიღწეულია. ამის შემდეგ იმის გამოცხადება, რომ შეთანხმება არ ყოფილა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ გვარებზე, რომ ეს შეთანხმება ნაწილობრივ შესრულებულია, ნაწილობრივ არა – ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მოქმედი ხელისუფლების სისუსტეზე... საქმე პიროვნებებს არ ეხება, საქმე ისაა, რომ შეთანხმებები უნდა სრულდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ უარი უნდა ეთქვა ამ შეთანხმების ხელმოწერაზე.

- ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ ოპოზიციაში შესაძლო განხეთქილებაზე და იმაზე, რომ იგი ვერ შეინარჩუნებს ერთობას არჩევნებამდე. არსებობს თუ არა ამგვარი ვარაუდის საფუძველი?

- საკმაოდ დიდხანს ვიყავი ხელისუფლებაში და შესანიშნავად ვიცი, როგორია ხელისუფლების სტრატეგია, როდესაც ოპოზიცია რაღაცას ითხოვს. მთავარი ხაზი ამ შემთხვევაში არის იმაზე აპელირება, რომ ოპოზიცია ვერ თანხმდება ერთმანეთში, რომ ოპოზიციას გაერთიანება არ შეუძლია და ა.შ.

ამ ინტერვიუმდე რამდენიმე წუთით ადრე ჩვენ, გაერთიანებული ოპოზიცია, ვისხედით ერთ მაგიდასთან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ვსაუბრობდით საერთო ჩატში (გახსნილი გვაქვს), სწორედ კოორდინაციასა და მომდევნო შეხვედრას ვიხილავდით.

გარწმუნებთ, არავითარი განხეთქილება არ არსებობს. უბრალოდ არის გარკვეული სირთულეები: მოლაპარაკება ცალკეულ მაჟორიტარებზე, სხვა კონკრეტულ საკითხებზე. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ეს პროცესი პარტიების შიგნითაც მიმდინარეობს ხოლმე არჩევნების წინ. ეს ძალიან რთული პერიოდია. 

- რა მიზანი აქვს ოპოზიციის ერთობას, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა განსხვავებული შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე?

საარჩევნო ყუთი - Sputnik საქართველო
არჩევნები პანდემიის დროს: შეძლებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას სიცხიანი ამომრჩეველი

- ეს არ არის ერთიანი კოალიცია იმ გაგებით, რომ ყველანი ყველაფერში ვეთანხმებით ერთმანეთს. თითოეულ ჩვენგანს აქვს თავისი კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და განმასხვავებელი ნიშნები. მაგრამ არის სამი საკითხი, რომლებიც ჩვენს საერთო მიზანს წარმოადგენს: პირველი – კანონმდებლობის შეცვლა, მეორე – მაჟორიტარების კოორდინაცია ისე, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლოს ყველა მაჟორიტარული მანდატის მოპოვება, და მესამე – ჩვენი ძალისხმევის კოორდინაცია, რათა ვერავინ შეძლოს არჩევნების შედეგებით მანიპულირება.

აი, ეს სამი მიმართულებაა. გარწმუნებთ, ოპოზიცია შეძლებს თავისი ერთობლივი ნაბიჯების კოორდინირებას და შეთანხმებას.

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ჩვენ არც ვაპირებდით გვქონოდა ერთიანი კამპანია ან საერთო ფრონტით გვემუშავა ყველა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ, მაგალითად, ჩვენ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ სხვა საკითხზე, გარდა იმ სამისა, რომლებზეც მოგახსენეთ...

სიმართლე გითხრათ, ერთი წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ერთ მაგიდას მივუსხდებოდით. მაგრამ ბატონმა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური ვითარება შექმნილიყო საქართველოში. მან მიზნად დაისახა მთელი ქართული პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. გადაწყვიტა შემოინახოს სააკაშვილი, როგორც საფრთხობელა იმისათვის, რომ ყოველ არჩევნებზე ხალხი დააყენოს არჩევანის წინაშე – ან ივანიშვილი, ან სააკაშვილი. ამას ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავუშვებდით და „ნაციონალური მოძრაობაც“ იძულებულია, მონაწილეობა მიიღოს ამ ბრძოლაში.

ეს ერთადერთ სწორ ნაბიჯად მიმაჩნია, რათა საქართველომ თავი დააღწიოს ამ მანკიერ წრეს, რომელსაც ეწოდება „ორპოლუსიანი სისტემა“, რომლის ერთ პოლუსზე ივანიშვილია, მეორეზე - სააკაშვილი.

- როგორ აფასებთ ხელისუფლების მოქმედების ეფექტიანობას საქართველოში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის საქმეში, ასევე შემოთავაზებულ ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას?

- რასაკვირველია, პანდემიის დროს, უნდა ითქვას, მთავრობამ გარკვეულწილად თავი საკმაოდ პოზიტიურად წარმოაჩინა. პირველ რიგში, მადლობა ღმერთს, მათ დაუჯერეს პროფესიონალებს – ექიმებს, ეპიდემიოლოგებს, რომლებიც ქმედით და სწორ რეკომენდაციებს იძლეოდნენ.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ყველანი ერთის წინააღმდეგ: საქართველოში სააკაშვილით უკმაყოფილონი არიან

მე მართლაც ვაფასებ იმას, რომ ხელისუფლება ამ რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებდა. ალბათ სწორედ ამან გამოიღო შედეგი: ჩვენთან შედარებით ნაკლები ინფიცირებული და გარდაცვლილია. თითოეული სიკვდილი, რა თქმა უნდა, ტრაგედიაა, მაგრამ დღემდე 14 გარდაცვლილი გვყავს – ეს ტრაგედიაა, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა სახელმწიფოების შემთხვევაში.

მეორე მხრივ, რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკური მიმართულების მხარდაჭერას, აქ შეიძლება მთავრობის სრულ ფიასკოზე საუბარი. ანტიკრიზისული გეგმა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ეს იყო სლაიდები ათ გვერდზე, სადაც სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე კონკრეტული ანტიკრიზისული ნაბიჯი.

- როგორ აფასებთ ანტიკრიზისულ ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. რამდენად სწორადაა გადანაწილებული პრიორიტეტები?

- ძალიან რთულია ამის თქმა, რადგან ბიუჯეტი ჯერ ბოლომდე არ არის განხილული. ყველაფერი, რაც იქ დახმარებასთან დაკავშირებითაა ნათქვამი, კრედიტებს ეფუძნება. ასეთი კოლოსალური ვალი საქართველოს არასოდეს ჰქონია. 20 მილიარდზე მეტი – ქვეყნისთვის აბსოლუტური კატასტროფაა.

დღევანდელი მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რა იქნება ხვალ, ფიქრობს მხოლოდ იმაზე, როგორ დაფაროს დღევანდელი ხარჯი. მაგრამ ამასაც გაიგებდა ადამიანი, თუ, დავუშვათ, დავინახავდით, რომ ვალები, რომლებსაც დღევანდელი მთავრობა იღებს, სწორად იხარჯება.

- თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდება, არსებობს ალბათობა იმისა, რომ შემოდგომაზე დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს. იმოქმედებს თუ არა ეს საქართველოში პოლიტიკურ ამინდზე?

- ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამით ისარგებლოს. მეორე მხრივ, არსებობს ობიექტური რეალობა, რომელიც სწორედ პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციას ეხება. რასაკვირველია, თუ მეორე ტალღა დაიწყება და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე შეექმნება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მოვითხოვთ არჩევნების დანიშნულ ვადაში, 31 ოქტომბერს ჩატარებას. რადგან ამ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა, არჩევნები კი წინასაარჩევნო კამპანიის გარეშე მხოლოდ „ქართული ოცნებისთვისაა“ ხელსაყრელი – მას, როგორც მმართველ პარტიას, ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზე.

ამიტომ, დიახ, შესაძლოა ასეთ შემთხვევაში მე და ჩემმა პარტიამ და სხვა პარტიებმაც მხარი დავუჭიროთ არჩევნების გადადებას. მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს მართლაც ობიექტური მიზეზია და არა არჩევნებით მანიპულირების მცდელობა.

 

ყველა ახალი ამბავი
0