რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს: მოვაჭრეებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს?

© Sputnik / STRINGERხანძარი ვარკეთილში
ხანძარი ვარკეთილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძის განცხადებით, დაზარალებული მოვაჭრეების საკითხის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება და ამ პროცესში დედაქალაქის მერიაც ჩაერთვება.

თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაზარალებული ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებთან კონსულტაციების გამართვისა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენისთვის მზადაა. 

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ხანძარი ვარკეთილში: მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაზღვევო კომპანია დაზარალებულ მოქალაქეებს ზარალს აუნაზღაურებს.

„ყველაზე მთავარია, რომ მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობო ჯიხურებზე გავრცელდა. დაიწვა ტანსაცმელი, სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების გმირული მუშაობის შედეგად ხანძრის ლიკვიდაცია მოხერხდა. თავგანწირული შრომისთვის მინდა მათ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, სხვადასხვა რისკების თავიდან აცილების მიზნით ბაზრობების დაზღვევა აუცილებელია.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ იმ სადაზღვევო კომპანიის განცხადება, სადაც მოვაჭრეებს დაზღვეული ჰქონდათ ქონება. კომპანიამ დაზარალებულთათვის ზარალის ანაზღაურების მზადყოფნა გამოხატა. მიმდინარეობს გამოძიება და კომპანია ყველაფერს გააკეთებს, რაც მის პასუხისმგებლობაში შედის. რაც შეეხება თავად დაზარალებულებს, ყველა საქმე ინდივიდუალურად განიხილება. ჩვენ ასევე მზად ვართ შევხვდეთ დაზარალებულებს, მიმდინარე ვითარება განვიხილოთ და მათ საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ. ამ საკითხზე საუბარი მქონდა პრემიერ-მინისტრთან. უახლოეს დღეებში ჩვენ შეხვედრებს გავმართავთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და შესაბამისი სამსახურები ხანძრის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თათრების ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ვითარებას ის ართულებდა, რომ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძრის შედეგად შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. დილისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

ამ დროისთვის ზარალის ოდენობის დათვლა მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0