თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ზარალის დათვლა, რომელიც ვარკეთილის ე.წ. თათრების ბაზრობაზე გაჩენილმა ხანძარმა მოვაჭრეებს მიაყენა, დღეიდან დაიწყება. დაზარალებულები ტერიტორიაზე დილიდან იკრიბებიან.
ორშაბათს, ღამით გაჩენილ ხანძარს ბაზრობაზე 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. სიტუაციას ართულებდა ის, რომ ბაზრობის გვერდით ბენზინგასამართი სადგურია. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში აქრობდნენ. დილისთვის ის მთლიანად ჩამქრალი იყო.
დიდი ხანძარი თბილისის გარეუბნის სასურსათო და ტანსაცმლის ბაზარში - ვიდეო>>
ხანძრის მიზეზებს ადგენენ – ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
უსაფრთხოების მიზნით ამჟამად პერიმეტრს პოლიციელების ჯაჭვი იცავს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი საწყობებზე გავრცელდა, დაიწვა გასაყიდად გამზადებული ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები.
მოვაჭრეები თავიანთი დახლების დათვალიერებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ. ბევრი მათგანი ცდილობდა ხანძრისგან თავისი საქონლის დაცვას. ისინი აცხადებენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხოლო ქონება დაზღვეული არ ჰქონდათ. მოვაჭრეები დახმარებას მთავრობას სთხოვენ.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მსუბუქად დაშავდა პოლიციის ერთი თანამშრომელი, ხოლო ერთი მოქალაქე გადაიყვანეს საავადმყოფოში. პოლიციელმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.
ვარკეთილის ბაზრობა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს არ მუშაობდა. მაღაზიების მფლობელებმა და მოვაჭრეებმა მუშაობის განახლება მხოლოდ ორი კვირის წინ შეძლეს.