თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პირი უცნობი წყაროდან დაინფიცირდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია, 5 საკარანტინო სივრციდანაა, ესაა შემოტანილი, ანუ იმპორტირებული შემთხვევა, ერთია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და 5 არის დაუდგენელი წყარო“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხუთივე პირი სხვადასხვა ლოკაციიდანაა.
„თუ შემთხვევით, ჩაღრმავებული კვლევით მივიდნენ იქამდე, რომ რამდენიმეს წყარო საერთოა, ძალიან კარგია, მაგრამ შეიძლება, არ იყოს ასეთი სიტუაცია“, განაცხადა ეზუგბაიამ.
ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საგარეჯოში, გორში, თბილისში. ყველა მათგანის ინფიცირების წყარო უცნობია.
თბილისში კორონავირუსი დაუდგინდა ჟვანიას კლინიკის თანამშრომელს, ის ეკონომისტია და ადმინისტრაციულ ნაწილში მუშაობს, რომელიც კლინიკური ფლიგელისგან სრულად იზოლირებულია. ინფიცირებულს 12 თანამშრომელთან ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი, რომლებიც უკვე იზოლირებული არიან.
ექიმის თქმით, ბოლო დროს გამოვლინდა 10 პაციენტი, რომელთა ინფიცირების წყარო უცნობია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა. დღეისათვის კორონავირუსი 851 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელდა 702 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.