თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ონლაინ-სესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS იხურება, ამის შესახებ „საკანონმდებლო მაცნეში“ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ხდება ცნობილი.
როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, კომპანიის ლიკვიდაციის მიზეზი ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლის შემცირებაა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც, VIVUS-ს, ანუ „4 ფინანსს” მიკროსაფინანსოს სტატუსი მიენიჭა.
ლატვიაში რეგისტრირებული ჯგუფი 4 Finance საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მალევე ონლაინ-სესხების ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. კომპანია თავდაპირველად, სხვა ონლაინ-სესხების პროვაიდერების მსგავსად, შპს-ის სტატუსით საქმიანობდა, 2016 წლის 29 დეკემბერს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.
ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2016 წელს „ვივუსის“ შემოსავალი 81,88 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგება 40.6 მილიონი ლარი იყო. 2017 წელს კომპანიის შემოსავალი 30.9 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება 4.77 მილიონი ლარის ზარალით შეიცვალა. კომპანიას ზარალი ჰქონდა 2018 წელსაც და ის 19.9 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შემოსავალი 29 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი იყო 2019 წელიც, როდესაც „ვივუსის“ შემოსავალმა 3.6 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა ზარალმა 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.
დღეს საქართველოს ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მიკროსაფინანსოს ლიკვიდაცია დაიწყო. ბაზარზე ცვლილებები ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდებოდა, რომელთა დანერგვაც მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრით დაიწყო. 2017 წელს მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების “საბაზრო” განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ჭერი უკვე 50%-ით განისაზღვრა.
2019 წელს მიკროსაფინანსო სექტორის ჯამური მოგება 278-ჯერ შემცირდა და მან მხოლოდ 112 ათასი ლარი შეადგინა. 2020 წლის პირველ კვარტალში სექტორის ჯამური მოგება 18.5 მილიონ ლარს შეადგენდა.