დიზაინერ ანანო გელოვანს და Anano’s Handmade სალონში დამზადებულ სამოსს უკვე უცხოეთშიც იცნობენ. რამდენადაც ლამაზია ისეთი ქსოვილი, როგორიც ტიულია, იმდენადვე რთული და შრომატევადია მისი შექმნა, მაგრამ მისთვის ეს საქმე სიამოვნებაა, რადგან მასში დადებით ემოციებს აქსოვს.
ფერადი და განსხვავებული სამოსი ბავშვობიდან იქცევდა მის ყურადღებას, ამიტომ პროფესიული არჩევანიც აქედან გამომდინარე გააკეთა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი დეკორატიული ქსოვილების განხრით დაამთავრა. მას შემდეგ ბევრ ჩვენებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
- ანანო, თქვენ არა მხოლოდ ტანისამოსის მოდელზე მუშაობთ, არამედ ქსოვილსაც თავად ქმნით, რომელ ქსოვილზე შეაჩერეთ არჩევანი და რატომ?
- ფერადი და განსხვავებული სტილით შექმნილი სამოსი ბავშვობიდან მიყვარს. ჩემი ფანტაზიის გადმოცემის საშუალება სწორედ ბადეზე, ტიულზე მუშაობამ მომცა. ხელნაკეთ ქსოვილებს სხვადასხვა ფერის ბადეზე ფერადი ძაფებით, ბისერებით, მძივებით ვქმნი, მერე მისგან სამოსი იკერება. ეს ხელნაკეთი ქსოვილია, რომელიც რატომღაც თექაში ეშლებათ, არადა, მისგან სრულიად განსხვავებულია. 15 წლის ვიყავი, როცა პირველი ნამუშევარი გავაკეთე. ეს იყო საწოლის გადასაფარებელი და საქორწინო დიდი შარფი.
- მსგავსი ქსოვილის შექმნა საკმაოდ შრომატევადი უნდა იყოს...
- ეს საქმე, რომელიც ფანტაზიის გამოხატვის საშუალებას მაძლევს, საკმაოდ რუტინული სამუშაოცაა, რომელიც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მეტად მაინც ქსოვილზე მუშაობა მიყვარს. ეს ქსოვილები თავისი ინდივიდუალურობით გამოირჩევა, არც ერთი ნამუშევარი ერთმანეთს არ ჰგავს. ამდენად ყველა მათგანი ექსკლუზიურია. რაც მთავარია, მათში მთელი ჩემი დადებითი ემოცია, გული და სული მაქვს ჩაქარგული.
- რა დრო სჭირდება ქსოვილის დამზადებას?
- გააჩნია ქსოვილს, ზოგს ერთი თვე უნდა შევალიო, ზოგი კი ერთ კვირაში, ან, სულაც, ორ დღეში შეიძლება გაკეთდეს. ამ ქსოვილის, წულის დამზადების მერე მას ძაფებით, ბისერებით და მძივებით ვაწყობ. ეს ისეთი ქსოვილია, რომელიც ზაფხულშიც შეგიძლია ჩაიცვა და ზამთარშიც. ზაფხულში თხელს ვამზადებთ, ზამთარში, შესაბამისად – სქელს.
- როგორც ვიცი, ჩვენებებში ხშირად იღებთ მონაწილეობას, მათგან რომელს გამოარჩევდით?
- ჩვენებები ბევრ ქალაქში მქონდა, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ჩემთვის მაინც ულამაზეს პარიზში, მდინარე სენაზე გამართული დაუვიწყარი საღამოა, რომელიც საფრანგეთში, კომპანია „ივენთს ლუქსის“ ორგანიზებით გაიმართა. ეს იყო პირველი საქველმოქმედო საღამო, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას მიეძღვნა. ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავით ამ საღამოს წარმდგენი. მასში მოწვეულ სტუმრებს შორის უცხოელები და ქართველი ემიგრანტები იყვნენ. მათ საშუალება ჰქონდათ Anano’s Handmade სალონში დამზადებული ჩემი კოლექცია ენახათ.
- კონკრეტულად სად გაიმართა პარიზული ჩვენება, ვინ იყვნენ მოწვეული და რა გახსენდებათ?
- ეს ჩვენება შარშან 300-კაციან იახტაზე გაიმართა. საქართველოდან მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, მიშო სულუხია, სტეფანე. იქ იყო პარიზში მცხოვრები ბაბლუანების ოჯახი, სტუმრებს ცნობილმა კულინარმა გურამ ბაღდოშვილმა უმასპინძლა. საღამოზე იყვნენ დუტა სხირტლაძე და მისი მეუღლე საკუთარი შექმნილი სამკაულებით. მე მახსოვს, რომ ძირათადად ვნერვიულობდი და საღამოს სცენარის ავტორი თორნიკე კვერენჩხილაძე მამშვიდებდა. იმ ჩვენებაზე დაახლოებით 20 ნამუშევარი მქონდა წარდგენილი, ბევრი მათგანი გაიყიდა. ჩემი სამოსი – ზედა და ქვედა შეიძინა ფრანგმა ქალბატონმა, მსახიობმა, რომელმაც მოგვიანებით იტალიაში ამ სამოსით გადაღებული ფოტო გამომიგზავნა.
- კორონამ თქვენს გეგმებშიც შეიტანა კორექტივები?
- ასე გამოდის, რადგან წლის დასაწყისში საქართველოს ფარგლებს გარეთ დაგეგმილი გვქონდა ორი გრანდიოზული ჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ვითარების გამო ისინი გადაიდო. ივლისში ისევ ვაპირებდით წასვლას პარიზში, სადაც ჩვენება დიდ დარბაზში უნდა გამართულიყო. უამრავი საპატიო სტუმარი, მათ შორის ბაგრატიონების ოჯახი გვყავდა მოწვეული. აპრილში უკრაინაში ვიყავი მიწვეული დახურულ საღამოზე, რომელიც მე უნდა წამეყვანა, მაგრამ მაცნობეს, რომ სექტემბისთვის გადაიდო. იმ საღამოს ორგანიზატორი ჩემი ერთგული კლიენტი, უკრაინის მაღალ საზოგადოებაში მიღებული ქალბატონია, რომელსაც პირადად სურდა ჩემთვის საღამო მოეწყო. ჩემს მუდმივ კლიენტებს შორის კორეელებიც არიან. ხაშურში სამშენებლო სამუშაოების საწარმოებლად ჩამოსული კორეელი სპეციალისტის მეუღლე იმ ქვეყნის ოპერის მომღერალია და ჩემთან ხშირად მოდის.
- ყველაზე პრეტენზიული კლიენტები რომელი ქვეყნის ქალბატონები არიან?
- დაუფიქრებლად გეტყვით – ირანელები ქალბატონები, რომლებიც ჩემგან ძალიან ბევრ სამოსს ყიდულობენ. ისინი ძალიან პრეტენზიულები არიან და თავიდანვე გაუთავებელ ვაჭრობას იწყებენ ფასზე. კორონამდე ერთმა ირანელმა ჩემგან ძალიან ლამაზი კაბა იყიდა – შვილის ქორწილზე უნდა ჩავიცვაო. სხვათა შორის, ის კაბა პარიზულ ჩვენებაზე მქონდა წაღებული.
- რა შეიძლება გახდეს ქართველი დიზაინერისთვის ფანტაზიის წყარო?
- ქართველი დიზაინერების სამოსი ყოველთვის გამოირჩევა ინდივიდუალობით, რისი ინსპირაციაც შეიძლება ქართული ბუნების მრავალფეროვნებაც იყოს. ეს ფაქტი მე, როგორც ხელოვანს, ძალიან მახარებს და მეამაყება. მინდა ჩემს კოლეგებს წარმატება, წინსვლა და შემოქმედებითი მიზნების განხორციელება ვუსურვო.