თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სომხეთში COVID-19-თან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებასა და ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საქართველო თავის მედიკოსებს ერევანში გაამგზავრებს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„პაციენტები სუნთქავენ“ – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მადლობას უხდის>>
შეზღუდვების დროულად დაწესებისა და მედპერსონალის ორგანიზებულობის წყალობით საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია. ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა, დღევანდელი მდგომარეობით 828 შემთხვევაა გამოვლენილი. ამასთან, დაავადებულთა 70% განიკურნა.
„ჯანდაცვის სამინისტროს უკვე აქვს მიღებული დავალება, რომ მოამზადოს ის დახმარება, რომელიც საქართველოს შეუძლია გაუწიოს მეზობელ სომხეთს. როგორც ჩანს, ეს, პირველ რიგში, იქნება სამედიცინო პერსონალით დახმარება, ასეთი თხოვნა გამოიკვეთა ჩვენი მეზობლების მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
გახარიას თქმით, გლობალური კრიზისის პირობებში როგორც სამედიცინო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით ამ გამოწვევას ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუმკლავდება მარტო.
„გვმართებს ურთიერთ თანადგომა, მოგეხსენებათ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში საკმაოდ დაიძაბა ბოლო პერიოდში მდგომარეობა. მე პირადად ყოველდღიურ პირად კავშირზე ვარ სომხეთის პრემიერთან, ისევე, როგორც კოლეგები – ჯანდაცვის, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა მინისტრები, ყველა, და ჩვენ უკვე მოვახდინეთ იმის იდენტიფიცირება, თუ რა სახის დახმარება სჭირდებათ ჩვენს მეზობლებს. აქ ურთიერთ თანადგომა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.
მხოლოდ გასულ დღე-ღამეში სომხეთში კორონავირუსის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 14669-ს მიაღწია. ვირუსის გართულებებისგან გარდაიცვალა 245 ადამიანი (პლუს 18 – გასულ 24 საათში). კორონავირუსის მქონე პაციენტების რაოდენობა, რომლებიც სხვა მიზეზით გარდაიცვალნენ, 82-ია (პლუს 5 – გასულ 24 საათში).
პეტიციამ შედეგი გამოიღო: საქართველო სომხეთს სადეზინფექციო კაბინებით დაეხმარება>>
განიკურნა 5 466 ადამიანი. მკურნალობს 8 876. სულ ჩატარდა 75 389 ტესტი.