თბილისი, 11 ივნისი - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა შეადგინა 3,0372 GEL/$1.
სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი, თუმცა მოთხოვნა მიწოდებაზე გაცილებით დაბალი იყო და აუქციონზე მხოლოდ 29 650 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით, სამ თვეში ეროვნულმა ბანკმა უკვე ექვსი აუქციონი გამართა, სადაც 189,65 მილიონი დოლარი გაყიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ პარასკევისთვის 3,0387 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0006 ლარით გამყარდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.
ეროვნული ბანკი აღნიშნავდა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებს და პოლიტიკის განაკვეთს.
„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, - აცხადებდა რეგულატორი.
სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ჩაერთვება.
გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.