თბილისი 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ახალი შენობის აშენებაზე ტენდერი გამოაცხადა.
მშენებლობის ნებართვა „პირველმა არხმა“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში 28 მაისს მიიღო.
კონკურსზე წინადადებების მიღება იწარმოებს 25 ივლისიდან 30 ივლისის 12:00 საათამდე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 46,8 მლნ ლარია.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სამი ვაკანსიაა: კანდიდატების ვინაობა>>
სატენდერო პირობების გაცნობა შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://tenders.procurement.gov.ge. განცხადების ნომრით NAT200008305.
მშენებლობის მეთვალყურეობისთვის „პირველმა არხმა“ ასევე ტენდერის მეშვეობით დაიქირავა საერთაშორისო პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რეგიონში ლიდერი კომპანია „სიემსი“ (СМС), რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის მართვაში.
რატომ გადადის „პირველი არხი“ თბილისის ცენტრიდან?
რადგანაც კოსტავას ქუჩაზე მდებარე „პირველი არხის“ შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, არხის მოქმედმა მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ეკონომიკის სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართეს და, უწყების გადაწყვეტილებით, არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ორი ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა.
„პირველი არხის“ მენეჯმენტმა იმავე წელს გამოაცხადა კონკურსი და საზოგადოებას ახალი შენობის იერსახისა და დიზაინის შერჩევა შესთავაზა. პირველად ქართულ რეალობაში საპროექტო წინადადება Facebook-ში კენჭისყრით შეირჩა. გაიმარჯვა შპს „თბილქალაქპროექტმა“.
„პირველი არხის“ ახალი შენობა უნდა აშენდეს და ამ გადაწყვეტილებას ალტერნატივა არა აქვს, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ.
„კოსტავას ქუჩაზე არსებული შენობის რეაბილიტაცია არის შეუძლებელი... თავი დავანებოთ იმას, რომ გადახრილია, აქ არის მიწისქვეშა წყლების თემაც. ამიტომ ბევრი წლის წინ მიიღეს ახალი შენობის შესახებ გადაწყვეტილება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, თუ ტელევიზია ადგილზე დარჩებოდა, საჭირო იქნებოდა შენობის აღება და მის ადგილზე ახლის აშენება, რაც სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა – ტელევიზია შეწყვეტდა მუშაობას, ამდენი ადამიანი დარჩებოდა უმუშევარი, ხოლო ქვეყანა – საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეშე.
მაღლაფერიძე: მათ შეძლეს უზარმაზარი საქმის ჩატარება, დღეს პირველი გაკვეთილები გავიდა ეთერში>>
„ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობდა ამ თემაზე და მოიძებნა ასეთი გამოსავალი – ტელევიზიისთვის გამოიყო მიწა და მშენებლობის თანხას ტელევიზია საკუთარი ბიუჯეტიდან გაისტუმრებს. საქართველოს „პირველი არხი“ ააშენებს ბევრად ოპტიმალურ, თანამედროვე სიტუაციაზე მორგებულ შენობას, რომლის ექსპლუატაციაც იქნება იაფი“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
საქართველოს სახელმწიფო ტელერადიოკორპორაცია 2005 წელს საზოგადოებრივ ტელევიზიად გარდაიქმნა.