თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან სამი თბილისის ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მედპერსონალია, განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისი სიტყვებით, კლინიკის სამი თანამშრომელი არაადეკვატური ქცევის მქონე პაციენტებისგან დაინფიცირდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა.
სულ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 25 პაციენტი მკურნალობს, ოთხი არასრულწლოვანია. ერთი პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ხუთი – ახალი პაციენტია. მათგან ორი ე.წ. იმპორტირებული შემთხვევაა, რომლებიც კლინიკაში საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ხოლო სამი – კლინიკის სამედიცინო პერსონალი.
სოლოღაშვილის სიტყვებით, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების მიღების პირველივე დღეებიდან უსაფრთხოების ზომებს მაღალ დონეზე იცავდა.
„სამწუხაროდ, COVID-თან ბრძოლა – ეს არ არის მარტო „დარჩი სახლში", მივცეთ თუ არა „პლაქვენილი“. ეს არის სხვა ცხოვრების სტილი თავად მედპერსონალისთვისაც. ეს არის ცხოვრება, როდესაც შენ გვერდით არ გიდგას არც პოლიცია, არც დაცვა. შენ ხარ ექიმიც, ფსიქოლოგიც, დედაც და ზოგჯერ პატრულიც. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ერთ-ორ რთულ პაციენტთან ურთიერთობა, რომლებიც ფსიქიკური პრობლემების გამო არაადეკვატურად იქცეოდნენ, ჰქონდათ პერსონალთან პირადი შეხება, მიუხედავად ჩვენი არაერთი თხოვნისა, ჩვენთან სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები არ გამოუგზავნიათ... ამ პირობებში დაინფიცირდა ჩვენი სამი თანამშრომელი – მედდა და სანიტრები, რომლებიც ერთ ცვლაში მუშაობდნენ“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.
სოლოღაშვილის განმარტებით, სახლში დაბრუნებისას მედპერსონალი თვითიზოლაციაში იმყოფება.
რაც შეეხება დღეს გამოვლენილ დანარჩენ ახალ შემთხვევებს, ერთი ბოლნისს უკავშირდება, ორი მარნეულს და სამი საკარანტინო ზონას.
ზოგადად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ უკვე 84%-ს მიაღწია.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 40 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელდა ერთი. მძიმე პნევმონიით პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – მეორე დღეა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება ერთი.
ამ დროისათვის საქართველოს კლინიკებში მთლიანობაში კორონავირუსის დიაგნოზით 119 პაციენტი მკურნალობს.
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ხუთჯერ და მეტად აჭარბებს. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 13 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2902, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 249 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.