თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. PCR-ტესტირება სრულიად უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ის დასჭირდებათ, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
გამოცდებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებები დღეს გახდა ცნობილი, რომლის მიხედვით გამოცდებზე აბიტურიენტებს გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.
გამყრელიძის ინფორმაციით, თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აბიტურიენტს კორონავირუსის სიმპტომები ექნება, მას PCR ტესტირება უნდა ჩაუტარდეს.
„პისიარ“-ტესტირება, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება და ექიმი დაუნიშნავს, იქნება უფასოდ. პირველად თუ გამოცდებს შორის, ყოველთვის იქნება უფასოდ და ძალიან გთხოვთ, რომ ამის სხვა ინტერპრეტაცია არ იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთ რეკომენდაციაზე, კერძოდ გამოცდაზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.
„თუ არის სამედიცინო ჩვენება, რომ ადამიანს პირბადის ხმარება არ შეუძლია – ანუ, უნდა იყოს ძალიან მძიმე ფორმის გულის უკმარისობა, ძალიან მძიმე ფორმის ფილტვის უკმარისობა, და ა.შ. მაშინ უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი სამედიცინო დასკვნა და ამისთვის შემდეგ ცალკე ვიმსჯელოთ. მაგრამ ასეთი 50 ათასში ერთი შეიძლება იყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აბიტურიენტების მხრიდან ტემპერატურის დამალვის შესაძლო მცდელობის რისკებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ PCR-ტესტირების ლაბორატორიული კვლევის შედეგს ვერავინ გაექცევა. გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ასეთი შემთხვევების რისკი ძალიან დაბალია.
„ყველას, ვინც ერთ ოთახში ბრძანდება, უკეთია ნიღაბი. ნიღაბი არის სერიოზული დამცავი საშუალება. თუ ყველას გვიკეთია ნიღბები და ვიცავთ დისტანციას, ეს სერიოზული დამცავი საშუალებაა. რამდენ ხანს შეიძლება დამალოს ტემპერატურა, ორი, სამი დღის შემდეგ მაინც გამოუვლინდება და აუცილებელი იქნება, შემდგომ მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტაროს ტესტირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
გამყრელიძის ინფორმაციით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს, PCR კვლევით კი ინფიცირება არ დაუდასტურდება, გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს. ხოლო ის აბიტურიენტები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდება, გამოცდებზე არ დაიშვებიან.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, საგრანტო კონკური 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.