როდის და როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეკომენდაციები ცნობილია

© courtesy of NAEC Georgiaერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თსუ - Sputnik საქართველო
რა სიახლეებით ხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს

გამოცდები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების  დაცვით წარიმართება.

რეკომენდაციების მიხედვით, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ თითოეული საგამოცდო სექტორის ფართობის 50 პროცენტზე, ხოლო საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში წელს 10 გამოსაცდელზე მეტი არ დაიშვება.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება იქნება ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი – ერთი მეტრი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მიიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს.

ამასთან, განათლების სამინისტროს ცნობით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მკაცრად განსაზღვრული მითითებებით. კერძოდ:

  • მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია;
  • მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას;
  • მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით;
  • თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე.წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ ბურთულიანი წვერით.
„ამ ჩამონათვალის გარდა, სხვა პირადი ნივთების მოტანა არ არის რეკომენდებული, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ნივთებიდან დაავადების გადატანის/გავრცელების რისკი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოსაცდელებს, გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
თუ უნივერსიტეტის შეცვლა გადაწყვიტეთ: ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან.

რაც შეეხება გაგრილებას, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიახლეები შეეხება მხოლოდ გამოცდებზე მოქცევის წესებს და არა მათ ფორმატს ან შინაარსს.

წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.

მშვიდობით, სკოლავ! როგორ ჩატარდა გამოსაშვები საღამოები პანდემიის დროს - ფოტო >>

2020 წლის საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, ხოლო სამაგისტრო გამოცდები 1 აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა 12 ათასზე მეტს შეადგენს, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გასვლის სურვილი 3600-ზე მეტმა სტუდენტმა გამოხატა.

 

ყველა ახალი ამბავი
0