თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი მოეწყობა, ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეპარტამენტის ცნობით, იგეგმება ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოება, მოაჯირების მონტაჟი და კიბეების მოწყობა.
„გარდა ამისა, ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება იგეგმება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1 აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
ხიხანის ციხე ხულოს რაიონში ზღვის დონიდან 2,2 ათას მეტრ სიმაღლეზე, მიუდგომელ კლდის თხემზე მდებარეობს. კლდეზე აშენებული ციხე XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ადრე მას სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა — იქიდან აკონტროლებდნენ სავაჭრო გზას.
მაისში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიან აჭარაში ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი გახსნა. მოგზაურებს აღნიშნული სამდღიანი მარშრუტის გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპობრივად ხორციელდება.
სააგენტო წელს ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტულ პოტენციალს გამოიკვლევს და ჩანჩქერების, ტბების, საპიკნიკე-საკარვე ადგილებსა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების მონიშვნასა და ხულოს მუნიციპალიტეტის მოკლე მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადებას უზრუნველყოფს.