თბილისი, 18 მაისი - Sputnik. მთიან აჭარას ახალი თაგო-სხალთის საფეხმავლო ტურისტული მარშრუტი შეემატა, იუწყება აჭარის მთავრობის ერთიანი პორტალი.
ახალი ტურისტული მარშრუტების და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ხულოში გამართა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ადგილობრივები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ინფო-ტურის მონაწილეებმა ხეობაში მოგზაურობა თაგოს ცნობილი საბაგიროდან დაიწყეს, რომელიც ხულოს ცენტრსა და ტრადიციულ აჭარულ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებს.
გიდებმა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა მოგზაურობისას საოჯახო-სასტუმრო სახლები მოინახულეს, იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნენ და დალაშქრეს ულამაზესი ტყე, რომელიც სოფელ თაგოს სხალთას ხეობასთან აკავშირებს.
მოგზაურებს აღნიშნული სამდღიანი მარშრუტის გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ. ამას ემატება არსებული ტურისტული მარშრუტებიც, რომელთა განვითარებაც ეტაპობრივად ხორციელდება:
- ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი
- ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი
- ხულო-სხალთა-ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი
- გოდერძი-მწვანე ტბა-ბეშუმის ტურისტული მარშრუტი.
„უმნიშვნელოვანესია ყველა ის პროექტი, რომელსაც მთიან აჭარაში ვახორციელებთ და რომლის მიზანიცაა ვაქციოთ აჭარა ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად. ჩვენი გამოკითხვებით, სწორედ ის ავთენტური გარემო და კულტურა იზიდავს უცხოელ ტურისტებს რეგიონში მოგზაურობისას. გასულ წელს, 124%-იანი ზრდა გვქონდა მთიან აჭარაში, ჯამში კი ჩვენს მიერ მარკირებულ ტურისტულ მარშრუტებზე დაახლოებით 250 ათასმა ტურისტმა იმოგზაურა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.
მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გახსნა.
სააგენტო წელს ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტულ პოტენციალს გამოიკვლევს და ჩანჩქერების, ტბების, საპიკნიკე-საკარვე ადგილებსა და სხვა ტურისტულად საინტერესო ადგილების მონიშვნასა და ხულოს მუნიციპალიტეტის მოკლე მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადებას უზრუნველყოფს.