თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა Airbus A 400M-მა ავღანეთის ქალაქ მაზარი-შარიფიდან თბილისში ავადმყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ჩამოიყვანა, წერს გერმანიის საელჩო საქართველოში თავის Facebook-გვერდზე.
„ქართველი ჯარისკაცები უკვე ხუთი წელია გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად ნატოს ოპერაციის Resolute Support (მტკიცე მხარდაჭერა) ფარგლებში ჩრდილო ავღანეთში ასრულებენ სამშვიდობო მისიას“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ავადმყოფი ან დაჭრილი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნება არის „მტკიცე მხარდაჭერის“ (Resolute Support) ფარგლებში თანამშრომლობის ქართულ-გერმანული ხელშეკრულების ნაწილი.
ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა“, რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.
საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარი-შარიფში არიან დისლოცირებული.
როგორც Sputnik-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ჯარისკაცის ევაკუაცია - გერმანიის საელჩოს ინიციატივაა და თავდაცვის სამინისტროს მასთან არაფერი აკავშირებს.
ამას წინათ ქართულ მასმედიაში საელჩოზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცი „ძალიან სერიოზულად ავად იყო“, თუმცა მოგვიანებით გერმანიის საელჩომ გაავრცელა დაზუსტებული ინფორმაცია, რომელშიც ტერმინი „მძიმე ავადმყოფი“ ნახსენები აღარაა.