თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დაცვის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში ვაქცინის შექმნა სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა.
„ასზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან ათამდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგ კვლევაში უკვე აღნიშნულია საკმაოდ კარგი იმუნოგენობა, ანუ იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები. დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ, როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საერთო აზრი იმის შესახებ, თუ როგორი დაცვის უნარი ექნება ვაქცინებს, არ არსებობს. დღეისათვის უცნობია, საკმარისი იქნება პრეპარატის სიცოცხლეში ერთხელ გაკეთება, როგორც ეს წითელას შემთვევაში ხდება, თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება, როგორიც აქვს, მაგალითად, გრიპის ვაქცინას.
ამის პარალელურად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ არავინ აპირებს, ძალით აცრას ადამიანი, რომელსაც ვაქცინაციის სურვილი არ ექნება.
- „ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, დამერწმუნეთ, ძალით არავინ არავის აცრის“, – აღნიშნა მან.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 805 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.