თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივან თომას ბარაისთან გამართულ ონლაინ–შეხვედრაზე ავიამიმოსვლის აღდგენისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
უწყების ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, განიხილეს ორმხრივი ავიამიმოსვლის აღდგენისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის საკითხები.
„გერმანია ჩვენი ტრადიციული მხარდამჭერია ბევრ მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ტურისტები იქნებიან იმ საერთაშორისო მოგზაურთა შორის, რომლებიც პირველები ესტუმრებიან საქართველოს. ჩვენ გერმანულ მხარეს გავაცანით საქართველოში არსებული ვითარება და ვუთხარით, რომ მზად ვართ, 1 ივლისიდან პირველ საერთაშორისო სტუმრებს ვუმასპინძლოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ ონლაინ–შეხვედრის შემდეგ.
საქართველომ 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეაჩერა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით, ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის განახლება, 1 ივლისიდან კი უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში აღდგენილი იქნება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.
წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიის ქვეყნებთან ერთად, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.
ამ დროისთვის 20–ზე მეტმა ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების განახლების სურვილი გამოთქვა.