ლატვია საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადაა

© photo: Sputnik Turkish Airlines
 Turkish Airlines - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო ივლისიდან გეგმავს ავიამიმოსვლის აღდგენას, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 21 მარტიდან შეჩერდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ლატვიის ეროვნული ავიაგადამზიდი Air Baltic მზადაა ივლისის პირველი დეკადიდან საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღადგინოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. 

ეკონომიკის მინისტრმა ლატვიის ტრანსპორტის მინისტრთან ტალის ლინკაიტსთან ონლაინ–შეხვედრისას საქართველოსა და ლატვიას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილა. მხარეები საკითხის დადებითად გადაწყვეტის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

„როგორც საქართველოს, ისე ლატვიის მხრიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისთვის არის მზადყოფნა. ახლა მთავარია, რომ ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გაცვალონ ის პროტოკოლები, რომლის თანახმად, ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული“, – განაცხადა თურნავამ. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ტურიზმისთვის COVID-19-თან ეფექტურად მებრძოლი ქვეყნის რეპუტაციაა საჭირო

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენით დაინტერესებულია აგრეთვე უნგრული ავიაკომპანია Wizzair, რომელმაც ფრენების აღდგენის მოთხოვნით განცხადება უკვე შეიტანა.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შეიძლება ტურისტები მიიღოს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს აგრეთვე ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.

ამ დროისთვის საქართველოში ფრენების განახლების სურვილი 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0