მარიამ დარჩიაშვილმა ნახშირით ხატვის ტექნიკა რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა და დღეს მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ამ მასალითაა შექმნილი. უცნაური ისაა, რომ ერთ ფერში დახატული სამყარო იმდენად დიდ შეგრძნებებს იწვევს, რომ ფერების არარსებობას ვერც ამჩნევ...
ბოლო წლებია ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ქართულ სტუდიაში მუშაობს, სადაც სხვა ნიჭიერ მხატვრებთან ერთად მაღალი ხარისხის ნამუშევრებს ქმნის. პარალელურად საკუთარი შემოქმედების დახვეწა-განვითარებაზე ზრუნავს.
- მარიამ, საუბარი ბოლო დროინდელი პერიოდით დავიწყოთ – პანდემიის დროს რა აღმოაჩინეთ საკუთარ თავში ან რაში დარწმუნდით?
- პანდემიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ ხატვა არის „საქმიანობა“, რომელიც არასოდეს მომბეზრდება. თუნდაც ყველა იმ შეზღუდვისა და თანმდევი დაძაბულობის ფონზეც კი, რაც ამ პერიოდს ახლდა. ბავშვობიდან ვხატავ, ყოველთვის მსიამოვნებდა პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთება, პორტრეტების შექმნა, თუმცა სერიოზულად არასდროს ვყოფილვარ ამით დაკავებული.
- ხატვის გარდა რა გიზიდავდათ?
- ხატვის გარდა ძალიან მიზიდავდა ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით მათემატიკა, რიცხვებთან ურთიერთობა და ამიტომაც გადავწყვიტე შემესწავლა ბიზნესის ადმინისტრირება. დავამთავრე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, შემდგომში სწავლა მაგისტრატურაშიც გავაგრძელე. სწორედ ამ პერიოდში სრულიად მოულოდნელად ისევ ხელოვნების სფეროში აღმოვჩნდი.
- რა მოულოდნელობაზეა საუბარი?
- ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, როდესაც მაგისტრატურაში დავიწყე სწავლა, დღის განმავლობში უფრო მეტი თავისუფალი დრო გამომიჩნდა, რაც მინდოდა ნაყოფიერად გამომეყენებინა. ამ პერიოდისთვის უკვე მქონდა რეალისტურ სტილში შესრულებული რამდენიმე პორტრეტი. სწორედ ამ დროს ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე სრულიად შემთხვევით წავაწყდი პოსტს, სადაც რეალისტ მხატვრებს ეძებდნენ. ეს ერთგვარი გამოიწვევა იყო ჩემთვის, მაშინ საკუთარ შესაძლებლობებში არ ვიყავი დაწმუნებული და მაინტერესებდა ჩემი დონე და ხატვის ტექნიკა რამდენად მისაღები იყო პროფესიონალებისთვის...
- ასეთი რეალისტური ნახატების შესაქმენლად რას იყენებთ?
- ძირითადად გრაფიკაში ვმუშაობ, გრაფიტით და ტუშით. თუმცა რამდენიმე წლის წინ აღმოვაჩინე ნახშირით ხატვის ტექნიკა, ჩემი ნამუშევრების უმეტეს ნაწილს დღეს ამ მასალით ვქმნი. თავიდან საკმაოდ რთულ და დაუმორჩილებელ მასალად მომეჩვენა, მით უმეტეს ჩვეულებრივი ფანქრის ფონზე, თუმცა რამდენიმე პორტრეტის დახატვის შემდეგ უკვე ნათლად გამოჩნდა მისი უპირატესობები. ის შედარებით მუქი და მყარი მასალაა, რაც საშუალებას იძლევა, რომ ნახატი უფრო კონტრასტული და ეფექტური გამოვიდეს, არ ირეკლავს შუქს და ა.შ. ამიტომ ყველაზე რეალისტურ შედეგს მაინც ნახშირით ვიღებ, კონტრასტულ, დეტალურად დამუშავებულ გამოსახულებებს, სადაც ყველაზე მთავარის – ემოციის აღბეჭდვა შემიძლია.
- რთულია ემოციის გამოსახვაა?
- ნახატის ღირსება ხომ სწორედ ემოციის გამოსახვაშია. თუ ემოცია მოდის, ეს უკვე მხატვრის ოსტატობაზე მიუთითებს. ძალიან მიყვარს ნახატები, სკულპტურები, სადაც ემოცია არა მხოლოდ სახიდან ან მიმიკებიდან იკითხება, არამედ ამას მთლიანად სხეული და, განსაკუთრებით, ხელები გადმოსცემს.
- თქვენთვის ხატვას სულიერი სიმშვიდე მოაქვს თუ?..
- ჩემთვის ხატვა იყო და არის სულიერი სიმშვიდის მომტანი საქმიანობა და განტვირთვის საშუალება. დღეისათვის ხატვა მხოლოდ გატაცება არ არის, რადგან მან თვითრეალიზების შესაძლებლობაც მომცა. ახლა მთელ ჩემ დროს, რესურსსა და ენერგიას მხოლოდ ხატვას ვუთმობ. ვცდილობ კიდევ უფრო დავიხვეწო, განვვითარდე, მეტი ცოდნა მივიღო სხვადასხვა მასალასა და ხატვის სტილზე.
- ხატვის სწავლა რამდენად შესაძლებელია?
- ალბათ რაღაც დონემდე ყველას შეუძლია გარკვეული შედეგის მიღება, მაგრამ ამის მერე უკვე ნიჭიც აუცილებელია და ბევრი მუშაობაც.
- საოცრად რეალისტურ ნამუშევრებს ქმნით, ცხოვრებაშიც რეალისტი ხართ თუ მეოცნებე?
- ყოველდღიურობაში, ალბათ, უფრო რეალისტი ვარ, მაგრამ ხელოვნების სფეროში აღმოვჩნდი იმ ოცნების დამსახურებით, რომ ხატვა შემძლებოდა... სურვილის გარდა ეს მონდომებით და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით შევძელი. ეს ყველაფერი ხუთი ან ათი წლის წინ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ამ ოცნების ახდენა ნამდვილად შევძელი...