თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.
მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.
რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.