ნატალია დემბინსკაია
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა დაკარგოს ფიქალური დარგი, რომლის აღდგენასაც წლები დასჭირდება. რატომ იყო კოლაფსი გარდაუვალი?
საბურღების რეკორდული შემცირება
2019 წელს, გადაუსწრეს რა რუსეთსა და საუდის არაბეთს, ამერიკელები ლიდერები გახდნენ ნავთობმოპოვებაში — ფიქალური ნავთობის წყალობით. 70 წლის განმავლობაში აშშ შავი ოქროს ნეტო–ექსპორტიორი გახდა.
„ნავთობმრეწველობას სიურპრიზები ახასიათებს — ფიქალურმა რევოლუციამ თავდაყირა დააყენა ნავთობის ფასები, წარმოება და სავაჭრო ნაკადები“, — განაცხადა მაშინ პრეზიდენტ ჯორჯ ბუში-უმცროსის მრჩეველმა ენერგეტიკის საკითხებში და კონსალტინგური კომპანია Rapidan Energy-ს პრეზიდენტმა ბობ მაკენლიმ.
მაგრამ ფიქალურ დარგს მკვეთრ შენელებას უწინასწარმეტყველებდნენ: რეკორდის საფასური ჭაბურღილების გამოფიტვა, ინფრასტრუქტურისთვის უზარმაზარი დანახარჯები და კაპიტალდაბანდებების უკმარისობა გახდა.
ვარაუდობდნენ, რომ პრობლემები 2021 წელს დაიწყებოდა, მაგრამ კორონავირუსულმა პანდემიამ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა და ნავთობის კოტირებები ჩამოშალა. ამან პირველ რიგში ვალებში ჩაფლული მეფიქალეები დააზარალა, რომლებიც ინვესტიციების მწვავე უკმარისობას განიცდიდნენ.
მაისის ბოლოს ნავთობისა და გაზის სერვისულმა კომპანია Baker Hughes-მა განაცხადა, რომ მოქმედი საბურღი დანადგარების რაოდენობა აშშ-ში ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მწყობრში მხოლოდ 318 ერთეული დარჩა, როცა ერთი წლის წინ მათი რაოდენობა 983 იყო.
მოპოვებების მესამედი დაიკარგება
ShaleProfile Analytics-ის პროგნოზით, აშშ ფიქალური ნავთობმოპოვების მესამედს იზარალებს.
კრიზისმა დარგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაამწვავა — ჭაბურღილების სწრაფი გამოფიტვა ტექნოლოგიის თავისებურებების გამო. ბურღვის დასრულებიდან მოკლე ხანში ფიქალურ საბადოებზე მოპოვება ეცემა და ადრინდელ წარმოებაზე საუბარიც აღარ არის. ამის საკომპენსაციოდ გამუდმებით ახალი ჭაბურღილებია საჭირო. მაგრამ ახლანდელ ვითარებაში ეს უბრალოდ შეუძლებელია: კომპანიები მასიურად კოტრდებიან.
Haynes & Boone-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან გაკოტრების პროცედურა 17-მა მწარმოებელმა დაიწყო, რომელთა საერთო დავალიანება დაახლოებით 14 მლრდ დოლარია.
მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფიქალური კომპანია Whiting Petroleum და ასევე ისეთი გიგანტები, როგორებიცაა California Resources და Chesapeake Enеrgy. მაისის ბოლოს სასამართლოში გაკოტრების თაობაზე დოკუმენტაცია წარადგინა კომპანია Unit-მაც.
დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევების თანახმად, ერთ ბარელზე 40 დოლარის ღირებულების პირობებში ერთი წლის განმავლობაში მწარმოებელთა მხოლოდ 15% გადარჩება. მეფიქალეების გადამრჩენელი გაძვირება კი არ ივარაუდება.
აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის სამმართველოს პროგნოზით, Brent-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასი 2020 წელს 34,31 დოლარი იქნება ბარელზე, და 45,62 დოლარი – 2021 წელს. ხოლო დასავლეთ-ტეხასური WTI 30,10 დოლარი ეღირება მიმდინარე წელს და 43,31 დოლარი – მომდევნო წელს.
აღდგენას წლები დასჭირდება
შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, აშშ-ში ფიქალური მოპოვება შესაძლოა 5 მლნ ბარელამდე დაეცეს დღე-ღამეში. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ქვეყნის 15-მა უმსხვილესმა ფიქალურმა კომპანიამ ახალი ჭაბურღილების დამუშავებაზე გამოყოფილი ბიუჯეტი საშუალოდ 48%-ით შეამცირა. წარმოების წინანდელ მოცულობებზე დაბრუნებას, პანდემიის გამო მოთხოვნების დაცემის პირობებში, ისინი ვერ შეძლებენ.
„დიდი ალბათობით, წლები გავა, სანამ ისინი ძველ დონეს დაუბრუნდებიან — თუ საერთოდ ოდესმე მოხდა ეს“, — წერს გამოცემა.
ასე რომ, ექსპერტების აზრით, ამერიკელებმა შესაძლოა ლიდერობა დაკარგონ. მათ არც ისე ბევრი ინსტრუმენტი აქვთ საიმისოდ, რომ ეს არ დაუშვან.
„ამერიკა თითქმის გარანტირებულად დაკარგავს პირველ ადგილს წელს, — განუცხადა CNBC-ს სასაქონლო ბაზრების, Emirates-ის ანალიტიკოსმა ედვარდ ბელმა. — და ეს, სავარაუდოდ, იმაზე ადრე მოხდება, ვიდრე მოსალოდნელია“.
„კორონავირუსულმა პანდემიამ დაანგრია ნავთობწარმოება, გამოიწვია ბენზინზე, საავიაციო და დიზელის საწვავებზე მოთხოვნის სწრაფი და უპრეცედენტო დაცემა. ამას დაამატეთ რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის „ფასების ეპიკური ომი“ და ამერიკული ნავთობკომპანიების ბალანსებზე არსებული უზარმაზარი დავალიანებები“, — აღნიშნავენ Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსები.
ამ ყველაფერთან ერთად ამერიკელი მეფიქალეები შესაძლოა იოლ ნადავლად იქცნენ მათთვის, ვინც კომპანიების შერწყმა–შთანთქმაზე ნადირობს.
უმთავრესი საფრთხე ჩინეთიდან მომდინარეობს — მისი აღდგენის გზაზე დამდგარი ეკონომიკითა და გაიაფებული უცხოური აქტივების მიმართ ინტერესებით.
ამერიკული ნავთობსაბადოების საშუალო ფასი ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც ერთი ბარელი 60 დოლარი ღირდა: 42 ათასიდან 20 ათას დოლარამდე. და ვაშინგტონში ძალიან უფრთხიან ჩინეთის შეჭრას რღვევად ენერგეტიკულ სექტორში.
„მტრულად განწყობილი ქვეყნების მხრიდან პრობლემური ფიქალური კომპანიებისა შესყიდვა ტეხასში, და არა მარტო ტეხასში, სერიოზული პრობლემაა ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, — მიაჩნიათ ტეხასელ ნავთობ–მარეგულირებლებს.
მართალია, ჩინელების მიერ კომპანიების შთანთქმა ნაკლებსარწმუნოა — ამას მთავრობა არ დაუშვებს, მაგრამ არსებობს შემოვლითი გზები. მაგალითად, არასტრატეგიული აქტივების ნაწილის შესყიდვა ან ერთობლივი საწარმოების შექმნა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს