თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა 29 მაისიდან მოქალაქეებისგან უფრო მეტ დაკვირვებასა და დადგენილი წესების შესრულებას მოითხოვს, განაცხადა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერებამ მოსახლეობას დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ შეზღუდვები მოქალაქეების კეთილდღეობისთვის იყო დაწესებული, რადგან სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა – ადამიანია.
„მეტროში, ისევე, როგორც ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში აუცილებელი იქნება პირბადის ტარება... ჩვენ ამას გავუწევთ ზედამხედველობას“, – განაცხადა კალაძემ და ეს მიმართულება თავის მოადგილეებს ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს დაავალა.
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლებს და მათ მუშაობის ახალი წესები გააცნეს. კერძოდ, ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ გამორთული კონდიციონერებითა და ღია ფანჯრებით, რათა ტრანსპორტი კარგად განიავდეს.
დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, გადაწყდა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობის განახლება პარასკევიდან, 29 მაისიდან.