თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსი ექსპერტები შესაძლოა დაშვებული იქნან თბილისის გარეუბანში აშშ-ის დახმარებით შექმნილ ლუგარის სახელობის ბიოლოგიურ ლაბორატორიაში, მაგრამ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში, ხოლო ცალმხრივი ვიზიტი გამორიცხულია.
გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისს დღემდე არ გაუცია პასუხი რუსეთის ნოტაზე, რომელიც შეიცავდა მოთხოვნას რუსი ექსპერტების მიერ ლაბორატორიის შესაძლო დათვალიერების თაობაზე. ამავდროულად, რუსეთის მხარემ კვლავ ეჭვი შეიტანა თავისი საზღვრების მახლობლად აშშ-ის სამხედრო უწყების ეგიდით ბიოლოგიური ლაბორატორიის შექმნის ჭეშმარიტ მიზნებში.
„საქართველო, როგორც ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის პასუხიმგებელი წევრი, მზად არის მომავალში, და მზად იყო წინა წლებშიც, მიიღოს კომპეტენტური რუსი ექსპერტები, რომელთაც აქვთ წვდომა შესაბამისი ლაბორატორიების ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, ხსენებული ვიზიტები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ კონვენციის ფარგლებში არსებული მექანიზმების შესაბამისად... ასეთი შესაძლებლობა იყო 2018 წელს, თუმცა, საკითხის განმეორებითი ინიცირების შემთხვევაში, საქართველო მზადაა განიხილოს შესაბამისი ვარჯიშის/ვიზიტის მოდალობები კონვენციის წევრ ქვეყნებთან ერთად... საქართველო ვერ ხედავს ცენტრში ცალმხრივი ვიზიტის განხილვის შესაძლებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ლაბორატორიის მუშაობა „არ უნდა იქცეს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად“.
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება აზუსტებს, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი შეიქმნა ამერიკული მხარის დახმარებით, მაგრამ გადაეცა საქართველოს მთავრობას. ცენტრი ამჟამად სრულად ფინანსდება საქართველოს მთავრობის მიერ და ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.
ობიექტმა ფუნქციონირება დაიწყო 2013 წელს და იგი არის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ლაბორატორიული ქსელის უმაღლესი დონის დაწესებულება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ცენტრს.
„ლუგარის ცენტრი აერთიანებს თანამედროვე დონეზე აღჭურვილ ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია „ერთიანი ჯანმრთელობის“ პრინციპით“, – ხაზგასმით აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება და რუსეთის მხარეს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოწოდებით მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, პირველ რიგში, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის მონაწილეებს, რომ შეაფასონ რუსეთის ოფიციალური უწყების აგრესიული განცხადებები საქართველოს მიმართ, დაგმონ აშკარა დეზინფორმაცია და არ დაუშვან რეგიონში სამაგალითო ინსტიტუტის წარმატებული ფუნქციონირების ეჭვქვეშ დაყენება. ამ მიზნით საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ მიიღოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რუსი ექსპერტების მონაწილეობით.
რუსეთის მხარე კი მოითხოვს რუსი ექსპერტების ცალკე ვიზიტს. რუსეთის სურვილი მომდინარეობის იქიდან, რომ „ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივი ფორმატით სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა მონაწილეობის გარეშე“.