თბილისი, 27 მაისი – Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველომ დღემდე არ უპასუხა რუსეთის ნოტას თხოვნით მიეცეს განმარტებები რიჩარდ ლუგარის სახელობის ბიოლოგიური ლაბორატორიის რუსეთის ექსპერტების მიერ შესაძლო მონახულებასთან დაკავშირებით.
„საქართველოში რიჩარდ ლუგარის სახელობის ცენტრის მონახულება რუსეთის პროფილური ექსპერტების მიერ, ურთიერთმისაღები პირობებით, ჯერჯერობით, ასევე ვერ ხერხდება. ქართული მხარე ამ დრომდე არ რეაგირებს ჩვენ ნოტაზე, რომელიც 2019 წლის ივნისში გავგზავნეთ თხოვნით, მოგვეცეს სათანადო განმარტებები შესაძლო ვიზიტის მოდალობასთან დაკავშირებით. ველოდებით თბილისის ოფიციალურ რეაქციას“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რუსი ექსპერტების ვიზიტი ლუგარის ცენტრში იქნება მიზანშეწონილი მხოლოდ ყველა ლაბორატორიულ კორპუსში (მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ შენობებში) დაშვების გარანტიების უზრუნველყოფის შემთხვევაში, რაც ცენტრის რეალურ შემოწმებას გახდის შესაძლებელს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთში აცხადებენ, რომ „ვიზიტი უნდა განხორციელდეს ორმხრივ ფორმატში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების (ცენტრში აკრედიტებული პენტაგონის თანამშრომლების გარდა), ასევე საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე“. ეს კი სიტუაციის მშვიდი ექსპერტული ანალიზის საშუალებას მოგვცემს, აღნიშნეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
რუსულმა მხარემ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება პენტაგონის საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც „თავის მედიკო-ბიოლოგიურ ლაბორატორიებს რუსული საზღვრების უშუალო სიახლოვეს ათავსებს“.
მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ამერიკისა და საქართველოს ხელისუფლება ცდილობენ დამალონ აშშ-ის არმიის სამხედრო ქვედანაყოფის საქმიანობის ნამდვილი შინაარსი და მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით საშიშ დაავადებებს იკვლევს. ქართული მხარე ამ შეშფოთებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ ლაბორატორია მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული კვლევებით არის დაკავებული.
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი თბილისის გარეუბანში, ალექსეევკაში 2011 წლის მარტში აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. თავდაპირველად ის იყო თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, შემდეგ – შსს-ს. ამჟამად ლაბორატორია ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს.