თბილისი, 26 მაისი – Sputnik. თუ საქართველო შეზღუდვების მოხსნიდან ორი-სამი კვირის შემდეგ არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას შეინარჩუნებს, ეს დიდი წარმატება იქნება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში.
ცერცვაძის თქმით, საქართველოს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით „ფრთხილი ოპტიმიზმი“ აქვს.
„ჯერჯერობით მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს, რადგან შეზღუდვების მოხსნა დაიწყო 18 მაისს, ჯერ ერთი კვირაა მხოლოდ გასული. დაველოდოთ, ვიდრე შეზღუდვების მოხსნიდან და, მით უმეტეს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან გავა 2-3 კვირა. თუ ამ პერიოდში ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც დღეს გვაქვს, ან ცოტა ამაზე უარესი, დღეში ერთ და ორ შემთხვევაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ რომ იყოს დღეში 10-მდე შემთხვევა, 20-მდე შემთხვევა, ესეც ძალიან დიდი წარმატება იქნება“, – განაცხადა ცერცვაძემ.
თუ საქართველო ამ ტენდენციის შენარჩუნებას შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ძალიან კარგად გაუმკლავდა ეპიდემიის პირველ ეტაპს, აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური სექტორი იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ დღეში კორონავირუსის 10–20 შემთხვევა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ადამიანების ცხოვრების რიტმზე, ეკონომიკაზე. ეს იქნება ჩვეულებრივი, რიგითი ინფექცია, რომელსაც საზოგადოება ვერც იგრძნობს, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 732 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 537-ს მიაღწია (73,3%). გარდაიცვალა 12 ადამიანი.
ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 183 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა თითქმის სამჯერ გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას.
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ>>
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 300 პაციენტია.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.