ყველაზე თბილი სურვილები: დედოფალი და პრეზიდენტები დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავენ

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიელისაბედ მეორე
ელისაბედ მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები საქართველოს ძლიერ და უსაფრთხო მომავალს, ქართველ ხალხს კი მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებენ.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა.

დედოფლის მილოცვა საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა. 

„დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას”, – ნათქვამია დედოფლის მილოცვაში.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჯანმრთელობა, ბედნიერება, საპასუხისმგებლო სახელმწიფო საქმიანობის განხორციელებაში წარმატებები, ქართველ ხალხს კი მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა

ახალწვეულები დამოუკიდებლობის დღეს ფიცს დებენ - Sputnik საქართველო
Google-მა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალური დუდლი გამოუშვა

ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი ურთიერთობები უმაღლეს დონეზე დგას, რომელიც ინტენსიურად ვითარდება და საკმაოდ მდგრადია.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული აქტიური კონტაქტები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თანამშრომლობის გაფართოებისა და ერთობლივი პროექტების მრავალი მიმართულებით განხორციელებისთვის“, – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

ბედნიერება და კეთილდღეობა უსურვა სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. მისი წერილი საქართველოში საფრანგეთის საელჩომ გაავრცელა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ. ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც 7 მაისს ჩვენი სატელეფონო საუბრისას მოგახსენეთ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას და თქვენ შეგიძლიათ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – აღნიშნა მაკრონმა.

უსაფრთხო მომავალი და კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

მან მისალოცი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას გამოუგზავნა, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული აშშ-სა და საქართველოს შორის მრავალწლიანი სანდო პარტნიორობა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

„ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო. ასევე ეკონომიკის დივერსიფიკაციაში. გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, – ნათქვამია წერილში.

საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები.

საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.

დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საყოველთაო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე 9 აპრილს შესაბამისი აქტი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0