თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ დაიწყოს ეკონომიკური საქმიანობა და თანდათან ის უფრო მასშტაბური გახდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას >>
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია საქართველოში არის დამაკმაყოფილებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი არის 0,59%. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნელ-ნელა დავიწყოთ ეკონომიკური აქტივობები და უფრო მასშტაბური გავხადოთ ის“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა.
ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 731 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 526 ადამიანი, გარდაიცვალა 12.
სამი მოქალაქე საქართველოში სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.
კარანტინში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 300 პაციენტია.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 22 მაისამდე მოქმედებდა და კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა აღარ გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა ძალაში 15 ივლისამდე დატოვა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.