თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თუ მსოფლიოში კორონავირუსის ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება, საქართველო მას ერთ-ერთი პირველი მიიღებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.
თებერვალში, როდესაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ადგილზე შეძლო ინფექციის გამოვლენა, ამ პაციენტების მომსახურება და დიაგნოზის დადგენა, აღნიშნა ტიკარაძემ.
„ჩვენ ჩართული ვართ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მომდინარეობს და იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინა დარეგისტრირდება და მისი გამოყენება შესაძლებელი გახდება, ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში პიკი არ ყოფილა და ქვეყანა, ისევე, როგორც მთლი მსოფლიო, ინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება.
სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ვაქცინა შეიძლება ერთი წლის შემდეგ გაჩნდეს.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 393 პაციენტი. გარდაიცვალა 12. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქე გადმოიყვანეს. კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პაციენტია.
27 აპრილიდან დაიწყო კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა. კერძოდ, ნებადართულია მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით გადაადგილება, გაიხსნა ღია ტიპის აგრარული ბაზრები და მაღაზიები, რომელთაც შესასვლელი ქუჩის მხრიდან აქვთ.
21 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.