თბილისი, 25 მაისი – Sputnik. ადგილობრივი ბაზარი იმდენად გაჯერდა კარგი ხარისხის სამედიცინო და საყოფაცხოვრებო პირბადეებით, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, პირბადეების გატანა ექსპორტზეც დაიწყოს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნაზე.
ნათია თურნავას განცხადებით, როცა მსოფლიო და საქართველო პანდემიის გამოწვევის წინაშე დადგა, საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყანა იყო. თუმცა, კერძო სექტორის ჩართულობით, დღეს საქართველო პირბადეების იმპორტიორი ქვეყნიდან ექსპორტიორ ქვეყანად იქცა.
„ჩვენი თანადგომით სულ უფრო მეტი საწარმო უერთდება პირბადეების წარმოების ინიციატივას და აწარმოებენ კომერციულ პირბადეებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის, არამედ გარეთ გასატანად. ეს არის ის, თუ როგორ სწრაფად რეაგირებს ჩვენი კერძო სექტორი და ჩვენი ხელისუფლება იმ გამოწვევებზე, რასაც ბევრი სხვა გიგანტი ქვეყანა ვერ უმკლავდება ასე წარმატებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ ევროპული სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის პირბადეების საწარმოა საქართველოში, რომელიც ყველაზე თანამედროვე, სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილ 2 საწარმოო ხაზს მოიცავს. საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია Faceguard-ი განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრებისთვის. პროექტი განხორციელდა კერძო ინვესტიციებით და „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. „საპარტნიორო ფონდს“ პროექტში ფინანსური თანამონაწილეობა არ მიუღია. პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯ იმპექსში“ პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
„ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ მსგავსი საწარმოები, როლებიც მილიონობით მაღალი ხარისხის სამედიცინო პირბადეს აწარმოებენ და შეძლებენ მოამარაგონ არა მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი, არამედ ექსპორტზეც გაიტანონ პროდუქცია, ქმნიან ძლიერ ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ბიზნეს-ომბუდსმენი - სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია >>
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ყველაფერი, რაც საქართველოში იწარმოება, მხარდაჭერილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან და ამაში წვლილი სახელმწიფო პროგრამებსაც შეაქვთ.
დღეს კომპანია „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსის“ სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმოს გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, განათლების, მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, „საპარტნიორო ფონდი“ დირექტორი დავით საგანელიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი და მაღალი რანგის სხვა სტუმრები დაესწრნენ.