თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი, აცხადებს, რომ პირად საკითხებზე საჯაროდ საუბარი არ სურს.
„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის Facebook-გვერდზე.
რაც შეეხება საქმის დეტალებს, ამაზე ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს საჯაროდ საუბარი არ სურს. ის აცხადებს, რომ სიმართლე მის მხარესაა, თუმცა თავის სიმართლეს დაამტკიცებს ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ვაჟის ინტერესები.
„მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს“, – ნათქვამია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაში.
ბასილაშვილს სჯერა, რომ თავის სიმართლეს სასამართლოში იურისტების დახმარებით აუცილებლად დაამტკიცებს.
ნიკა ბასილაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. საქმეზე წინასწარი განხილვა 16 ივლისს გაიმართება.
გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას: ნიკა ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს >>
ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.