თბილისი, 22 მაისი — Sputnik. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური ანგარიში ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან შეხვედრების შესახებ 2013 წლის 27 ივლისიდან 2019 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, იუწყება The New York Times-ი.
Navy fighter pilots reported close encounters with unidentified flying objects in 8 incidents between June 27, 2013, and Feb. 13, 2019. 5 of the pilots avoided speculating on the source of the objects. https://t.co/QrrhHhaYcK
— The New York Times (@nytimes) May 15, 2020
გამოცემა ეყრდნობა დოკუმენტებს, რომლებიც ახალი ამბების სააგენტოებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის თანახმად გადაეცათ.
სამხედრო-საჰაერო ძალების ანგარიშში აღწერილია სამხედრო პილოტებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შეხვედრის რამდენიმე შემთხვევა. საინტერესოა, რომ თითქმის ყველა მათგანი ვირჯინიისა და ჩრდილოეთ კაროლინის ტერიტორიებზეა დაფიქსირებული.
მაგალითად, 2013 წლის 27 ივნისს ამერიკელმა მფრინავებმა დაახლოებით 60 მეტრის დაშორებით თეთრი ფერის ობიექტი შენიშნეს, რომელიც ფორმით რაკეტასა თუ დრონს (უპილოტო საფრენი აპარატი) ჩამოჰგავდა. თუმცა იმ დღეს რაიონში არანაირი სარაკეტო თუ სხვა სახის გამოცდა არ იგეგმებოდა.
პილოტების თქმით, ობიექტი პირდაპირ მათკენ მიფრინავდა და რაღაც მომენტში შეჯახების საშიშროებაც კი გაჩნდა.
ირკვევა, რომ 2013 წელს ამერიკელმა პილოტებმა კიდევ ორჯერ დააფიქსირეს ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, თუმცა იმის გარჩევა, იყო თუ არა „უცხოპლანეტურ“ ხომალდში ვინმე, ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა მოხდა 2014 წლის 26 მაისს ვირჯინია–ბიჩის მახლობლად. ვერცხლისფერმა ობიექტმა სამხედრო ხომალდს 300 მეტრის დაშორებით ჩაუფრინა და მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი მანძილი არ არის, პილოტებმა მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.
პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიდეო ოფიციალურად გამოაქვეყნა>>
2019 წელს ამერიკელმა სამხედროებმა კიდევ ერთი ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირეს — კუბის ფორმისა, რომელიც რაღაც სფეროს შიგნით იყო მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ანგარიშში ეს ობიექტები არ მოიხსენიება უცხოპლანეტურ ხომალდებად. ასტროფიზიკოსების თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ობიექტებს დამაჯერებელი „დედამიწური“ ახსნა არ გააჩნია, უფრო სარწმუნოს ვერ გახდის ვარაუდს მათი არამიწიერი წარმოშობის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ CNN სრულად აქვეყნებს სამხედრო-საჰაერო ძალების დოკუმენტს და მასში აღწერილ ყველა შემთხვევას, რომელსაც შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.