თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ახალგაზრდა კაცი, რომელიც 32 წლის წინ გაიტაცეს, ბიოლოგიურმა მშობლებმა ახლახან დაიბრუნეს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის წყალობით, იუწყება CNN.
გავრცელებული ინფორმაციით, მაო ინი 1988 წელს გაიტაცეს ჩინეთის შენსის პროვინციის ქალაქ სიანის ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან. ბიჭუნა მაშინ ორი წლის იყო.
Straight out of a movie.. https://t.co/NnEO5xGGC6
— zeena kurd (@ZeenaKurd) May 20, 2020
ირკვევა, რომ გამტაცებლებმა ის სიჩუანის პროვინციაში მცხოვრებ უშვილო წყვილს მიჰყიდეს. მშვილებლების ვინაობას ჯერჯერობით არ ასახელებენ, ვინაიდან სამართალდამცველები ჯერ კიდევ იძიებენ გატაცების დეტალებს.
ცნობილია ის, რომ მაო ინმა, რომელსაც მშვილებელმა მშობლებმა სახელად ჰუ ნინინგი დაარქვეს, არაფერი იცოდა იმის შესახებ, რომ ბიოლოგიურ მშობლებს სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მისი ძებნა არ შეუწყვეტიათ.
გამოცემის ინფორმაციით, სიანის პოლიციამ მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ 1980 წლის ბოლოს პროვინციის ერთ-ერთმა მცხოვრებმა მამაკაცმა ბავშვი იყიდა.
სამართალდამცველებმა სახის ამომცნობი სისტემის მეშვეობით დაამუშავეს მაოს ბავშვობისდროინდელი ფოტო და შექმნეს სიმულაციური გამოსახულება, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ის ზრდასრულობაში. ამის შემდეგ მიღებული გამოსახულება მონაცემთა ეროვნულ ბაზაში არსებულ ფოტოებს შეადარეს და შედეგიც მიიღეს.
მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ პოლიციამ ქალაქ მიანიანში მიაგნო მაოს მსგავს მამაკაცს. მოგვიანებით დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ის ნამდვილად ის ბიჭუნა იყო, რომელსაც მშობლები 32 წლის განმავლობაში ეძებდნენ.
34 წლის მაო ორი დღის წინ, ორშაბათს შეუერთდა ბიოლოგიურ მშობლებს. ამ საკითხისადმი მიძღვნილი პრესკონფერენციისას დარბაზში შესვლისთანავე მაო დედისკენ გაიქცა და ჩაეხუტა მას. პრესკონფერენციას გადასცემდა CCTV, რომლის მაყურებელიც დაკარგული შვილისა და დედ-მამის ამაღელვებელ შეხვედრას პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს.
„არ მინდა, რომ ოდესმე დამტოვოს. აღარ მივცემ ნებას, რომ ჩემგან წავიდეს“, — ამბობდა ატირებული დედა, რომელსაც მაგრად ჰქონდა შვილის ხელი ჩაბღუჯული.
CCTV-ს ინფორმაციით, მაომ, რომელიც ამჟამად ინტერიერის დიზაინითაა დაკავებული, პირობა დადო, რომ სიანში გადავა საცხოვრებლად — ბიოლოგიური მშობლების გვერდით.
გამოცემა წერს, რომ მაო წლების განმავლობაში ხედავდა ტელევიზიით, როგორ ეძებდა ქალი დაკარგულ შვილს, რისთვისაც ასობით ათას ბუკლეტსაც არიგებდა და არაერთ სატელევიზიო პროგრამაშიც მონაწილეობდა. მაგრამ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამ თავგადადებული ქალის შვილი თავად იყო და სწორედ მას ეძებდნენ ამდენი ხანი.