XIX საუკუნის დასაწყისში მას იმდენად ჰქონდა სახელი გავარდნილი, რომ თბილისის გუბერნიაში ლამის ყოველ მეორე ახალდაბადებულ გლეხის ბიჭს არსენას არქმევდნენ, ხოლო ყოველი მესამე შვილს არსენას ნათლულობას აბრალებდა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის მშობლებს ყაჩაღისთვის თვალიც არ ჰქონდათ მოკრული.
მარაბდელი ყაჩაღის სიცოცხლეშივე ბევრი იბრალებდა არსენობას. გადაივსო ქართლისა და კახეთის ტყეები თვითმარქვია „არსენებით“. არც ერთ ადამიანზე იმდენი ლექსი არ თქმულა, რამდენიც ამ პირველ და ყველაზე ცნობილ ქართველ ყაჩაღზე. მასზე შექმნილი ლექსები და რომანები ნამდვილ ბეტსელერებად იქცა და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ლიტერატურულმა გმირმა აჯობა ღირსებებით თავის პროტოტიპს — არსენა მარაბდელმა ადამიანთა აზროვნებაში მყარად და სამუდამოდ დაიკავა ადგილი, როგორც დაჩაგრულთა დამცველმა და კეთილშობილმა პიროვნებამ.
არადა, ის არასდროს ყოფილა ისეთი ალტრუისტი და გულმოწყალე, როგორი იმიჯიც შეუქმნა მას ბატონყმობით გაწამებულმა გლეხობამ. ხალხი მხსნელს ელოდა და ასეთი გმირი რატომღაც არსენა ოძელაშვილში დაინახა.
მარაბდელი ყაჩაღი დიდი ძალის პატრონი, უშიშარი კაცი გახლდათ, გამორჩეული ხასიათითა და გარეგნობით. გერმანელი მოგზაური ბოდენშტადტი იხსენებს, რომ ერთ ხატობაში მას დაანახეს ახოვანი, კარგად ჩაცმული ადამიანი და უთხრეს, ეს არის არსენა ყაჩაღიო. მოულოდნელად ის იქვე მდგომ ოფიცერს ახირებია, ხმალი უნდა მაჩუქოო. ისეთი გაწევ–გამოწევა ამტყდარა, რომ საქმეში ქალებიც კი ჩარეულან. ბოლოს ოფიცერს დაუთმია და მიუცია თავისი ხმალი არსენასთვის. თუმცა მარაბდელს მეორე დღეს ის ხმალიც დაუბრუნებია და კიდევ ერთი სართად მიუყოლებია.
ერთი ვერსიით, არსენა ვაჭარი ყოფილა და თბილისში დუქანიც ჰქონია გახსნილი. გარკვეულ დრომდე უდარდელად ცხოვრობდა თურმე, მაგრამ მერე ისე მოხდა, როგორც ეს ზღაპრებსა და ხალხურ თქმულებებშია აღწერილი: თავად ზაალ ბარათაშვილის მოახლე გოგო შეუყვარდა და ბატონს ქორწინების უფლება სთხოვა - წესი იყო ასეთი. თავადი ჯერ კი დათანხმებია გარკვეული თანხის საფასურად, მაგრამ როცა არსენას ფული მიუტანია, ბატონს მოულოდნელად უარი უთქვამს. მაშინ ღირსებაშელახულ არსენას ეს გოგო გაუტაცნია და ქვემო ქართლში, ბირთვისის კლდეებში გადაუმალია.
ბევრი კი უძებნია, მაგრამ მთელ იმ არემარეში ვერ უპოვია მღვდელი, რომელიც მათ ჯვარს დასწერდა. არადა, ჯვარდაუწერლად გოგო არსენას ცოლად ვერ ჩაითვლებოდა. ერთხანს კი უცხოვრია წყვილს ბირთვისის გამოქვაბულებში, მაგრამ მერე, რადგან ჯვარი ვერ დაიწერეს, არსენა იძულებული შექნილა გოგო ბატონისთვის დაებრუნებინა.
სხვა ვერსიით, გაქცეულმა არსენამ საცოლესთან ერთად ახალციხეში დაიდო ბინა. 1828 წლამდე სამცხე-ჯავახეთი ოსმალეთს ეკუთვნოდა და დევნილთათვის იქაურობა იდეალური ადგილი იყო, რადგან იქ ვერც რუსი ხელისუფალი მისწვდებოდა და ვერც ზაალ ბარათაშვილი დააკლებდა რამეს.
არსენა და მოახლე გოგო ახალციხელი კათოლიკეს პავლე შაყულიანის ოჯახში ცხოვრობდნენ. იმათ ცოტა გვიან შუტყვიათ, რომ მარაბდელს ქალთან ჯვარი არ ჰქონდა დაწერილი და იქვე, ახალციხის კათოლიკურ ეკლესიაში აღუსრულებიათ ქორწინების საიდუმლო. არსენას ქართლიდან ჩაუტანია საკლავი და ღვინო და ისეთი დიდებული ქორწილი გადაუხდია, მთელი ახალციხე განუცვიფრებია. ამბობენ, წყვილს შვილებიც იქვე, ახალციხეში ეყოლაო.
მარაბდელი ყაჩაღი თურმე ხშირად გადადიოდა მშობლიურ მხარეში და ბატონს სისხლს უშრობდა. მოკვლით არ მოუკლავს, მაგრამ ქონებრივად კი დიდი ზარალი მიაყენა: გაიტაცა მისი კუთვნილი საქონელი, სხვების დახმარებით გადაუწვა ყანები, ტყეები, ვენახი. მიზეზი პირადი მტრობა იყო თორემ საყაჩაღო არა სჭირდა რა — საკმაოდ შეძლებული კაცი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ახალციხეში ცხოვრობდა, ხშირად ჩადიოდა ხოლმე შიდა ქართლში სხვისთვის მიბარებული თავისი ცხვრის ფარის დასახედად. გომარეთში კიდევ ცალკე კაცი ეყენა, რომელიც მის აურაცხელ ფარას პატრონობდა.
მას შემდეგ რაც რუსეთმა ოსმალეთს ახალციხე და სამცხე-ჯავახეთი წაართვა, არსენა ქართლში დაბრუნდა და ტყეს შეაფარა თავი. ხელისუფლება მის დაჭერას ლამობდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ის თავისივე ნათლიმამის ფარსადან ბოდბისხეველის ღალატის წყალობით შეიპყრეს და ციხეში ჩააგდეს. მაგრამ დაახლოებით 1833 წლისთვის ციხიდან გაიქცა და კიდევ უფრო გაბოროტებულა. რამდენიმე წლის განმავლობაში დედაქალაქი და მისი შემოგარენი შიშში ჰყავდა თურმე — ძარცვავდა ვაჭრებს, ჩარჩებს, შეძლებულ ადამიანებს.
ხალხური გადმოცემით, არსენა ნაყაჩაღარიდან იმდენს იტოვებდა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, დანარჩენს კი მშივრებსა და უმწეოებს ურიგებდაო. მაგრამ თურმე მთლად ასეც არ ყოფილა. კი, ზოგჯერ ბაზრობებზე
თანაც, არსენას უფრო მეტიც ჰქონია სათავსოდ გადანახული. აკი ამბობს ერთგან, ჩემი შვიდასი თუმანი კასპში ერთ დიდ კლდეში ძევსაო.
700 თუმანი იმ დროს ზოგ მდიდარსაც არ ჰქონდა (იმ დროს ამ თანხით დაახლოებით 1500-1700 სულ მსხვილფეხა საქონელს შეიძენდი). ამას დაუმატეთ მისი აურაცხელი ცხვრის ფარებიც და გამოდის, რომ არსენა ოძელაშვილი, დღევანდელი საზომითაც კი, ნამდვილი მილიონერი გამოდის. ისეთი ხელგაშლილი და გლეხობის შემწე კაცი კი, როგორადაც მას ხალხი ხატავდა, მილიონერი ვერ გახდებოდა.
არსენა შარაგზის ყაჩაღი კი იყო, მაგრამ ტრაქტირებსა და სამიკიტნოებში ქეიფი, ღვინის სმა ჰყვარებია. მაშინ მრავლად იყო განთქმული რუსული ტრაქტირები, სხვანაირად რომ ვთქვათ, ფუნდუკები, სადაც მგზავრს ჭამა–სმაც შეეძლო, ღამის გათენებაც და ცხენების დასვენებაც. მარაბდელი ძალიან ფრთხილი კაცი იყო, მაგრამ ადამიანებთან ყოფნას დანატრებული ტრაქტირებშიც ხშირად დადიოდა. მით უმეტეს, რომ სახეზე ბევრი ვერც ცნობდა.
უმძიმესი ხასიათი ჰქონია ყაჩაღს. განსაკუთრებით აუტანელი და შარიანი მაშინ ხდებოდა თურმე, როცა ნასვამი იყო. ერთხელაც თავადი საგინაშვილი გამოუწვევია სმაში და შემთვრალს მეფისა და თავადების გინება დაუწყია. დაწყებულა გაწევ-გამოწევა. მოჩხუბრები კი გაუშველებიათ და თითქოს კონფლიქტიც ამოწურულა, მაგრამ როცა საგინაშვილი სუფრიდან წამომდგარა და წასულა, არსენას ზურგში ტყვია დაუხლია მისთვის და ადგილზე მოუკლავს.
გერმანელი მოგზაურისა და მეცნიერის აუგუსტ ჰაქსტაუზენის გადმოცემით, მარტყოფში დღესასწაულზე მოულოდნელად გამოჩენილა მთვრალი არსენა. თავად ორბელიანთან მისულა და ღვინო მოუთხოვია, თან მის გვერდით მჯდომ მოხელეზე მიუთითებია, ამ კაცს უთხარი, ხმალი მაჩუქოსო. ორბელიანს რაღაც გადაუჩურჩულებია მოხელისთვის და იმასაც წამში გადაუცია ხმალი არსენასთვის. ცოტა ხანში ოძელაშვილი ისევ მიადგა ორბელიანს თურმე და ამჯერად დამბაჩა მოითხოვა. გაბრაზებულა თავადი, ჩახმახი შეუყენებია და ყაჩაღისთვის დაუმიზნებია. მაგრამ ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალბატონი მივარდნია ორბელიანს, ამ წმინდა დღეს სისხლს ნუ დაღვრითო, და თავადსაც დაუწევია დამბაჩა.
თუმცა გადმოცემებით ისიც ირკვევა, რომ არსენა ოძელაშვილი ტრაქტირებში მხოლოდ დასათრობად არ დადიოდა. იმ დროს იმერელი აზნაურიშვილები კარგ მწევრებს ზრდიდნენ, რომლებსაც მერე ქართლსა და კახეთში ყმა–გლეხებში ცვლიდნენ. არსენა ათასგვარ ფანდს იგონებდა თურმე, რომ ასეთი სამარცხვინო ვაჭრობა ჩაეშალა და საქმე ისე მოეგვარებინა, რომ ადამიანები ტყვეობიდან დაეხსნა. მისი ყველაზე ცნობილი ფანდი ტრაქტირში მწევრებისგან უკვე „ხელდაცლილი“ იმერლების დათრობა და ძაღლებზე გაცვლილი გოგო-ბიჭების გაპარება ყოფილა.
ასე იყო თუ ისე, არსენა ქართლსა და კახეთში ყაჩაღობას განაგრძობდა. კახელებს, ქართლელებისაგან განსხვავებით, სახელგანთქმული ყაჩაღის „სტუმრობა“ ძალიან უხაროდათ, იმიტომ რომ როცა არსენა იქ იყო, ლეკები კახეთში თარეშს ვერ ბედავდნენ, ემანდ არსენას არ გადავეყაროთო.
მარაბდელი ყაჩაღი ძალიან უშიშარი ყოფილა და გამომწვევად იქცეოდა. ჩვეულებად ჰქონდა გადაქცეული გზის პირას კარგი გლეხური სუფრის გაშლა და გამვლელ-გამომვლელის მიპატიჟება.
იმ საბედისწერო დღესაც გატეხა პური მუხათგვერდის გზის პირას და ღვინოც ბლომად მიირთვა, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ჯვარცმის დღეს ღვინის სმა დიდი ცოდვა გახლდათ. მგზავრი ბევრი არ იყო, მაგრამ ვინც გაიარა, ღვინო ყველას შესთავაზა არსენამ. ვინც მისი ახირებული ხასიათი იცოდა, მიწოდებულ სასმისს ცლიდა და სასწრაფოდ ეცლებოდა იქაურობას.
აი, გიორგი კუჭატნელმა კი უარი უთხრა ღვინის დალევაზე. ამ გოლიათური აღნაგობისა და არსენაზე არანაკლები ვაჟკაცის ნამდვილი გვარი სეფისკვერაძე იყო. იმერელ გლეხს დიდი სახელი დაეგდო კახეთში ლეკებთან ბრძოლაში და ამის გამო კუჭატანში მიწა მიუციათ. სხვათა შორის, მის სახელს უკავშირდება კიდევ ერთი მამულიშვილური საქმე — ყვარლის მაზრაში, ლეკთა გამუდმებული თარეშისგან დაცლილ ახალსოფელში ხალხის ჩასახლება და გაუკაცრიელებული სოფლის აღორძინება...
იმ დღეს, როცა ნასვამ არსენას გადაეყარა, გიორგი კუჭატნელი მხლებელ ლეკ ბიჭთან თუ საკუთარ ძმისშვილთან ერთად ბრუნდებოდა თავისი კახური მამულიდან იმერეთში. არსენამ მასაც შესთავაზა ღვინო, მაგრამ კუჭატნელმა იუარა, ქრისტიანი კაცი წითელ პარასკევს ღვინოს არ დავლევო და გზა განაგრძნო. როგორ თუ უარი მითხარიო, გამოეკიდა არსენა, წინ გადაუდგა და ფულისა და ცხენის წართმევა მოუნდომა. კუჭატნელმა ერთი კი სცდა მისი გონზე მოყვანა — გამეცალე, ტყუილად თავს ნუ გამაფუჭებინებო, მაგრამ როცა ყაჩაღმა ხმლის ყუა ჩაარტყა თავში მის მხლებელ ბიჭს, ლეკთა მმუსვრელმაც იშიშვლა ხმალი.
გააფთრებულ ბრძოლაში სეფისკვერაძემ დაჯაბნა არსენა და მარჯვენა მოჰკვეთა თურმე. თუმცა მანამდე არსენამაც შეძლო ყური ჩამოეთალა კუჭატნელისთვის. ამასობაში კი წაქცეული ბიჭი გონს მოვიდა, ოძელაშვილს ზურგში დამბაჩა დაახალა და ადგილზე მოკლა.
უცნაურია, მაგრამ ამბობენ, კუჭატნელს წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ შემოაკვდაო. როცა ხელისუფლებას არსენას მოკვლისათვის დაწესებული სოლიდური ჯილდო შეუთავაზებია, თავმოყვარე იმერელს კაცის მოკვლისათვის დაწესებული ფულის აღებაზე უარი უთქვამს...