ამბავი ჯვაროსნების ბათუმზე ლაშქრობისა და დატყვევებული ბურგუნდიელი ადმირალისა

CC0 / Pixabay / საზღვაო ხომალდის საჭე
საზღვაო ხომალდის საჭე - Sputnik საქართველო
გამოწერა
1444 წლის გაზაფხულზე ბათუმთან სამი საბრძოლო ხომალდი გამოჩნდა, რომლებზეც ქრისტიანული დროშები ფრიალებდა. თითქოს საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ მოულოდნელად ფლოტილიის ეკიპაჟმა ქალაქზე იერიში მიიტანა...

ქართველები უძველეს დროში კარგი მეზღვაურები ყოფილან. ჩვენი წინაპრები სწრაფ და მოხერხებულ ხომალდებს აგებდნენ და შორ მანძილზე ცურავდნენ. ამას ადასტურებს ისტორიული ცნობები მეფე აიეტის ეპოქის კოლხეთზე. გარდა ამისა უცხოური წყაროები ასევე წერდნენ ლაზი მეზღვაურების მაღალ პროფესიონალიზმზე და იმასაც აღიარებდნენ, რომ ბიზანტიის იმპერიის ძლიერების ხანაში კარგ მეზღვაურებად ლაზები მიიჩნეოდნენ. სწორედ ისინი დომინირებდნენ ტრაპიზონის იმპერატორის ფლოტშიც. 

აფრიანი ხომალდები ზღვაზე - Sputnik საქართველო
ამბავი ქართველი გლეხის ბიჭისა: ოსმალთა მრისხანე კაპუდან ფაშა ღაზი ჰასანი

მაგრამ მერე ქართველები გაუგონარ უპასუხისმგებლობას ვიჩენდით საზღვაო საქმის მიმართ. არც ფარნავაზიანებისა და არც ბაგრატიონების დროს თითქმის არაფერი გაკეთებულა ძლიერი სამხედრო საზღვაო ფლოტის შესაქმნელად. თვით „ოქროს ხანაშიც“ კი, XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოს სამხედრო ფლოტი (და არც სავაჭრო) არ ჰყოლია. შესაძლოა ეს ვინმეს პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია.

ერთადერთხელ გამოვიყენეთ სამხედრო მიზნით მცირე წყალწყვის კატარღები და ესეც სრული კრახით დასრულდა.

1533 წელს მამია I გურიელმა, მამია III დადიანთან ერთად ჯიქეთზე გაილაშქრა. პირველ დღეს ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს, თუმცა მალევე მოკავშირეები დამარცხდნენ და ლაშქრობა კრახით დასრულდა.

ამ ბრძოლაში მამია III დადიანი მოწინააღმდეგეებმა ღალატით იგდეს ხელთ და მოკლეს. ასევე დაიღუპა მამია I გურიელის ვაჟი გიორგი, ხოლო თვითონ მთავარი, მისი ძმები და ეპისკოპოსები ტყვედ ჩავარდნენ და თავის გამოსყიდვამ მოუწიათ.

„ქარბუქთა დამაოკებელი“ და ოსმალთა რისხვა – ამბავი ქართველი მამლუქი იოსებ მღებრიშვილისა>>

მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოს კარიბჭე — შავი ზღვის აკვატორია, საუკუნეთა განმავლობაში „მოღიაღებული“ და დაუცველი გახლდათ. ვერ წარმოიდგენთ, რა უსუსურად გამოვიყურებოდით, როდესაც ზღვის ჰორიზონტზე საბრძოლველად ან გასაძარცვად უცხო ქვეყნის გემი გამოჩნდებოდა ხოლმე.

1444 წლის გაზაფხულზე საგანგაშო შემთხვევა მოხდა. ბათუმთან სამი საბრძოლო ხომალდი გამოჩნდა. როდესაც გემები ნაპირს მიუახლოვდნენ, ბათუმელებმა დაინახეს, რომ ხომალდებზე ქრისტიანული დროშები ფრიალებდა. თითქოს საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ მოულოდნელად ფლოტილიის ეკიპაჟმა ქალაქზე იერიში მიიტანა.

ბათუმი პატანო გურიელის საერისთავოში შედიოდა. ამიტომ მან სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და ქალაქში გაჩნდა, მაგრამ დააგვიანა — უცნობ თავდამსხმელებს ქალაქი დაერბიათ, ხომალდებზე დაბრუნებულიყვნენ და ნაპირის გაყოლებით უკვე ფოთისკენ მიცურავდნენ. სამწუხაროდ, ქართველებს საზღვაო ხომალდები არ გვქონდა მათ დასადევნებლად. ამიტომ გურიელი თავისი ჯარით ხმელეთით უჩუმრად მიჰყვა მათ იმ იმედით, რომ გემები ნაპირს ისევ მოადგებოდნენ და ეკიპაჟს ხმელეთზე დაატყვევებდნენ. 

მეკობრეების იარაღი - Sputnik საქართველო
ამბავი შალვა ჯორჯიელისა: „კაპიტან ფლინტის“ თანამებრძოლი ქართველი მეკობრე

ასეც მოხდა. მომხდურთა ხომალდებმა ღუზა იქ ჩაუშვეს, სადაც რიონი უერთდება ზღვას და მეკობრეებმა ნაპირს მოაშურეს. იქვე ჩასაფრებული გურიელი მათ მოულოდნელად დაესხა თავს და მცირედი ბრძოლის შემდეგ დაატყვევა. ქართველები მტრის გემებსაც დაეპატრონენ.

გურიელის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ფრანგი ჯვაროსნები შერჩა ხელში, მათი მეთაური კი ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე კეთილის ადმირალი ჟოფრუა დე ტუაზი აღმოჩნდა.

ადმირალის დაკითხვისას გაირკვა, რომ ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპე კეთილს ოსმალთა წინააღმდეგ გაერთიანებულ სახელმწიფოთა დასახმარებლად ხუთი საბრძოლო გემი გაეგზავნა. როდესაც ფლოტილია ბოსფორის სრუტით შავ ზღვაში შემოსულა, ორ მათგანს დუნაის შესართავისკენ აუღია გეზი, სადაც ჯვაროსნები იყვნენ დაბანაკებული. ჟოფრუა კი სამი გემით შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს გამოჰყოლია, გზად ერთი თურქული ციხე-სიმაგრე აეღო და გაეძარცვა, მერე კი ტრაპიზონისთვის გვერდი აექცია და პირდაპირ ბათუმს მოსდგომოდა.

მამლუქის გული: ამბავი ეგიპტის შეიხ ალ ბალადისა, ანუ მარტყოფელი მღვდლის შვილი>>

იმ დროს ბათუმი ერთ-ერთი მდიდარი სავაჭრო ქალაქი იყო. აღმოსავლური სავაჭრო ქარავნები ხშირად სწორედ იქ იყრიდა თავს. იმ მომენტში შამახელ ვაჭრებს ბათუმში ძვირფასი აბრეშუმი ჩაეტანათ, საიდანაც ეს ძვირადღირებული საქონელი გენუელებს უნდა გაეტანათ ევროპაში. მაგრამ გენუელებს ბურგუნდიელებმა დაასწრეს და ევროპაში წასაღებად გამზადებული საქონელიც ხელში ჩაიგდეს და ქალაქიც გაძარცვეს.

ფრანგი მემატიანე ასე გადმოგვცემს დე ტუაზის დატყვევებისა და გათავისუფლების ამბავს:

„იმ საღამოს მოვიდა ადგილობრივი მთავარი სახელად პატანო გურიელი. გამთენიისას ჟოფრუა დე ტუაზი ნაპირზე გადმოვიდა 200 კაცით. ჯერ არ გათენებულიყო, როდესაც მან დაინახა საბრძოლველად გამზადებული ეს მთავარი საკუთარი ხალხით. რადგან კატარღები შორს იყო, ბურგუნდიელები იძულებული იყვნენ, ბრძოლა მიეღოთ, რადგან უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ... თავდაპირველად ზემოხსენებული ეს მთავარი და მისი ჯარი დამარცხდა. შემდეგ კი ისევ შეიკრიბნენ და ხელახლა დაიწყეს ბრძოლა... ჟოფრუა ტყვედ ჩავარდა, მას კარგად ეპყრობოდნენ. ჟოფრუა ტყვედ იყო მთელი მაისი. ის ტრაპიზონის იმპერატორის შუამავლობით გაათავისუფლეს“ .

ჟოფრუა დე ტუაზს გავლენიანი გულშემატკივრები გამოესარჩლნენ. მის გასათავისუფლებლად ქართველებთან მოლაპარაკებებში თვით ტრაპიზონის მეფე იოანე მეოთხეც კი ჩაერთო. საქმეში ჩაერივნენ გენუის შავი ზღვის სავაჭრო ფაქტორიების მაღალი თანამდებობის პირებიც. ქართველებმა მეკობრე ჯვაროსანს პირობა დაადებინეს, რომ აღარასდროს დაესხმოდა თავს საქართველოს, მერე კი გაათავისუფლეს და გემებიც დაუბრუნეს. 

ევროპის მპყრობელ უძლეველ ვიკინგთა მარცხი საქართველოში და ბაღვაშის უცნაური სასჯელი>>

კიდევ ერთი ისტორია ასეთია: XVI საუკუნის პირველ ნახევარში, სამცხის აოხრებას რომ მორჩნენ, თურქები გურიის დასალაშქრად წამოემართნენ. ჯერ ბაგრატ მეფისგან ბოძებული ჭანეთი წაართვეს გურიელს თურქებმა, მერე, 1547 წელს ბათუმში შევიდნენ და ციხე-სიმაგრის აგებას შეუდგნენ მთავარ საყრდენად. 

როსტომ გურიელი შეება ბათუმთან მდგარ ოსმალებს და გაიმარჯვა. მარცხნაჭამი თურქები კატარღებში ჩასხდნენ, აბობოქრებული ჭოროხი გადალახეს და სამშვიდობოს გააღწიეს. გურიელს კატარღები არ ჰქონდა, ცხენებით კი აზვირთებულ ჭოროხში შესვლა ვერ გაბედა და წინსვლა შეწყვიტა.

მტერმა ამით კარგად იხეირა, ოსმალები ახლა გონიოში დაბანაკდნენ და გამაგრდნენ. სამწუხაროდ, ოტომანებმა ისე მტკიცედ მოიკიდეს ფეხი გონიო–ჭოროხთან, რომ ქართველებმა მათ ძვრაც ვერ უყვეს.

ასე დაკარგა სამუდამოდ საქართველომ ჭანეთი, ჩვენი ქვეყნის ულამაზესი მხარე. მაშინ თუნდაც სამი კატარღა რომ ჰყოლოდა გურიელს, ტრაპიზონამდე გაწმენდდა ქვეყანას თურქებისაგან...

ყველა ახალი ამბავი
0