თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო სკოლებში XII კლასელებისთვის დღეს სასწავლო პროცესი დასრულდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მოსწავლეებს სწავლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი „ბოლო ზარი" - დღე, როდესაც თქვენ დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე. თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებსა და მასწავლებლებს დაგაშორათ“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ჩხენკელის სიტყვებით, მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელიც დისტანციური სწავლების პერიოდში გაჩნდა, კურსდამთავრებულები ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდნენ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ პირობებში მთავარი ამოცანა უწყვეტი სასწავლო პროცესის უზრუნვეყოფა იყო.
„ალბათ დღეს, როგორც არასდროს, ცხადი გახდა ამ ამოცანის მნიშვნელობა, რამდენადაც ამ და სხვა გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ცოდნით, განათლებით, მეცნიერებით შეიძლება“, – განაცხადა ჩხენკელმა.
მინისტრის თქმით, აბიტურიენტების ცხოვრებაში იწყება სრულიად ახალი ეტაპი, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებითა და პერსპექტივებით.
„თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით! წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე!“ – აღნიშნა ჩხენკელმა.
1 მაისის მონაცემებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39,3 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები.
გამოცდებისთვის უკეთ მომზადების მიზნით პროექტი „ტელესკოლა“ აბიტურიენტებისთვის 15 ივნისამდე გაგრძელდება.
განათლების სამინისტრომ სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ასევე დაიწყო პროექტი „ვებსკოლა“, რომელიც 4 ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტი აბიტურიენტებს მიღებული ცოდნის განმტკიცებისა და ახალი ცოდნის შეძენის შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ფარგლებში პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც ონლაინ-პლატფორმა el.ge-ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.
უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად აბიტურიენტები სამ აუცილებელ საგანს აბარებენ. რაც შეეხება 2020 წლიდან გაუქმებულ ზოგადი უნარ-ჩვევების გამოცდას, აბიტურიენტები მას მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.