თბილისი, 19 მაისი - Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 20 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მთა რაკისის საზაფხულო საძოვარზე ნ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ბ.ბ.-ს დანით გულ-მკერდისა და ზურგის არეში ოთხი ჭრილობა მიაყენა, ხოლო ს.ბ.-ს ყელში უჭერდა ხელს და ცდილობდა მისთვის გულ-მკერდის არეში დანით დაზიანების მიყენებას.
„დაზარალებულის წინააღმდეგობის გამო დანაშაულის სისრულეში მოყვანა ბრალდებულმა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად ბ.ბ.-ს სიცოცხლე შეუნარჩუნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. 2019 წლის 21 აგვისტოს დააკავეს, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 19-109 მუხლის მესამე ნაწილით "ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა".
სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავეს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა.