ანა ელიზბარაშვილი თავისი საქმის პროფესიონალია და, შეიძლება ითქვას, რომ მას ფილოსოფიურადაც კი უდგება. თავიდან, როგორც ყველას, ცხოვრებაში მასაც ბევრი უპასუხო კითხვა აწუხებდა, ამიტომ უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თუმცა მალე მიხვდა, რომ ქალის გალამაზებაც თავისებური ფილოსოფია და ხელოვნებაა, რაც თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული კარგად გამოსდიოდა.
დღეს იმდენად კარგად ფლობს Make Up-ის ხელოვნებას, რომ მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, მის კლიენტებს შორის ბევრი ცნობილი სახეა. ხუთი წელი თანამშრომლობდა ესთეტიკურ ცენტრ „ლოტუსთან“, მცირე დროით - სამოდელო სააგენტო „ნატალისთან“. მონაწილეობა აქვს მიღებული ანუკი არეშიძისა და ავთო ცქვიტინიძის ერთობლივ ჩვენებაში, სადაც პროფესიონალური მაკიაჟი 30 მოდელს გაუკეთა. ბოლო სამი წელი მსურველებს საკუთარ სალონში იღებს.
იზოლაციის დროს სოციალურ ქსელებში ხშირად ათავსებს ვიდეოებს, სადაც თავისი საქმიანობის დემონსტრირებას ახდენს და ქალბატონებს საჭირო რჩევა-დარიგებას აძლევს. მისი ზოგიერთი ნამუშევარი ვიზაჟის საზღვრებს სცილდება და სახის მოხატვის, ანუ Face art-ის საოცარ ნიმუშს წარმოადგენს.
- ქალბატონო ანა, როგორც წესი, ბავშვობაში ყველა გოგოს უყვარს დედის კოსმეტიკის საკუთარ თავზე მოსინჯვა, თქვენი ამბავიც „ამ სერიიდანაა“?
- რაც თავი მახსოვს, ვგიჟდებოდი მაკიაჟის კეთებაზე. ერთხელ, როცა სამი წლის ვიყავი, ზაფხულში სოფელში ვისვენებდით. შუადღისას დედამ დასაძინებლად შემიყვანა ოთახში, სადაც რამდენიმე ხანში ისევ შემომაკითხა, რომ უბრალოდ დაეხედა. ამ დროს დავხვდი წითელი ტუჩსაცხით, რომლითაც მთელი სახე და ტანი მქონდა შეღებილი, კისერზე კი დეიდაჩემის უგრძელესი მძივი მეკიდა. ეტყობა, ტუჩზე არ მეყო წასმა, ამიტომ სარკესთან დავდექი და სადაც შევძელი ყველგან წავისვი. ჩემ დანახვაზე დედა არ გაბრაზებულა, პირიქით, სიცილით გაიგუდა და „უპომადო" ადგილი სადაც მიპოვა, ყველგან მაკოცა. წლების მერე ჩემმა ძმამ ლონდონიდან კოსმეტიკით სავსე ჩანთა ჩამომიტანა. მაშინ დაახლოებით 16 წლის ვიქნებოდი და მას შემდეგ ფუნჯი არ გამიგდია ხელიდან.
- პირველი სერიოზული შეკვეთა რომელი იყო?
- პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე რომ დავდექი, 17 წლის ვიყავი. ჩემზე ასაკით საკმაოდ უფროსი, ჩემი მეზობელი გათხოვდა და მთხოვა მაკიაჟი გამეკეთებინა. გრანდიოზულ ქორწილს იხდიდა და ჩემთვის ეს უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. თან ქორწილამდე ვერ ვნახავდი, რომ სატესტო ვარიანტი მაინც გამეკეთებინა. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ, როგორც წესი, გარეგნულად ნერვიულობა არასოდეს მეტყობა, და პატარძალს მაკიაჟი ძალიან თავდაჯერებულად გავუკეთე. სხვათა შორის, მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა და ეს ბევრმა ადამიანმა აღნიშნა კიდეც. როცა ცხრა წელი ანსამბლ „მხედრულში“ ვცეკვავდი, კონცერტებისთვის გრიმს ბევრ გოგოს ვუკეთებდი. ხშირად საკუთარ სახეზე გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი და გადარბენა მქონდა.
- მიუხედავად ვიზაჟის Make Up-ის ხელოვნებისადმი ასეთი ინტერესისა, პროფესიად მაინც ფილოსოფია-სოციოლოგია აირჩიეთ...
- არასოდეს მიფიქრია, რომ ჰობი შეიძლებოდა პროფესიად მექცია. ყველაფერი მიზიდავს, რაც კულტურას შეეხება. ამიტომ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩავაბარე კულტუროლოგიის განხრით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საგანი არ იყო ჩვენთან სწორად ჩამოყალიბებული და უფრო მეტად ფილოსოფია ისწავლებოდა. ვერ ვიტყვი, რომ არ მომწონდა ფილოსოფია, პირიქით, ნელ-ნელა ჩემ ბევრ კითხვას, რაც ცხოვრებაში მიჩნდებოდა, პასუხები გაეცა. სხვათა შორის, სამყაროს ჩემეული აღქმის გამო მთელი ბავშვობა დედა, ძმა, დეიდაშვილები ფილოსოფოსს მეძახდნენ. კამათის დროს საპირისპიროს ვერ მიმტკიცებდნენ, რადგან ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი ლოგიკურად დასაბუთებული აზრი მქონდა. მოკლედ, საინტერესო პროფესიაა, თუმცა დღევანდელ რეალობაში არა პრაქტიკული. ამიტომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ისევ პროფესიის ძიებაში ვიყავი.
- ვიზაჟისტი როდის გახდით და თქვენი პროფესია ამ საქმეში რაიმეთი თუ დაგეხმარათ?
- დაახლოებით ათი წლის წინ დავრწმუნდი, რომ რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ის უნდა მეკეთებინა. მაკიაჟის შესახებ უკვე ბევრი რამ ვიცოდი. ცოდნის გაღრმავებისთვის მივმართე „ისი პარის“ აკადემიას, სადაც ჩემი მასწავლებელი ანუკა მურვანიძე იყო. ასე გავხდი ვიზაჟისტი. ჩემი პირველი პროფესია კი ალბათ მომხმარებელთან ურთიერთობაში მეხმარება. ჩემთვის მთავარია ადამიანის მსოფლმხედველობას ჩავწვდე, შემდეგ უკვე მარტივია გამოვიცნო რა მოეწონება მას, რა შეუქმნის დისკომფორტს და ა.შ.
- ჩვენებებში მონაწილეობა თუ მიგიღიათ?
- ჩემი მაკიაჟით პირადად მე არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ჩვენებებზე მიმუშავია. ანუკი არეშიძის და ავთო ცქვიტინიძის ერთობლივი ჩვენების დროს 30 მოდელს მაკიაჟი მარტომ გავუკეთე. ეს წარმოუდგენელი შრომა იყო. მას შემდეგაც მიმუშავია რამდენიმე ჩვენებაზე გიორგი შაღაშვილთან და მარიშასთან. თუმცა, წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ათ გოგოზე მეტი აღარ მივიღე. მას შემდეგ ვცდილობ, რომ ჩვენებაზე მონაწილეობა აღარ მივიღო, რადგან კომფორტული მუშაობა მიყვარს, სადაც მომხმარებელს უფრო მეტ დროს ვუთმობ და ყველა დეტალს ჩემებურად ვამუშავებ.
- შეიძლება ითქვას, რომ სახასიათო სახეებსაც ქმნით და თეატრში მუშაობაზე არ გიფიქრიათ?
- თეატრში მუშაობაზე არა მარტო მიფიქრია, მიოცნებია კიდეც. დედა პროფესიით თეატრის გრიმიორია (თუმცა პროფესიით მხოლოდ მცირე დრო იმუშავა). ისე აღწერდა ხოლმე ამ პროფესიას, რომ ჩემთვის ლამის მისტიკა იყო. გრიმის მასალა სახლში ჰქონდა და ხომ წარმოგიდგენიათ მთელი ბავშვობა რასაც ჩავიდენდი?!. სამწუხაროდ, ჩვენთან თეატრი არ არის ფინანსურად ისეთი ძლიერი, რომ გრიმიორის კადრზე მოთხოვნა იყოს. ისე კი მაქვს ოცნება - ლონდონის ან ლოს-ანჯელესის მაკიაჟის სკოლაში შევისწავლო გრიმი საფუძვლიანად, მაგრამ აქ თუ არ განვითარდა ეს სფერო, ვერ გამოვიყენებ. ამიტომ ეს ოცნება ჯერჯერობით მიზნად ვერ ვაქციე.
- რამდენად შეუძლია პროფესიონალურ ვიზაჟს ქალის გარდასახვა და თქვენ რაზე აკეთებთ აქცენტს?
- ჩემთვის პრიორიტეტი თითქმის ყოველთვის თვალებია, რომელიც საკმაოდ მეტყველია და გარეგნობაში წამყვანია. ამიტომ ძირითადად თვალზე ვაკეთებ აქცენტს. თუმცა ასევე ან უფრო მეტადაც სახის კანის იდეალურად დამუშავებაც მნიშვნელოვანია. როდესაც სახე სრულყოფილად მუშავდება, ქალი უკვე ძალიან ეფექტურია, სხვა რამეც რომ აღარ დავამატოთ. საოცარი გარდასახვა ხდება მაშინ, როცა ქალბატონს კანზე პიგმენტური ლაქები და თვალის ირგვლივ სიშავეები აქვს და სახის დამუშავების შემდეგ მთელი მისი სილამაზე იკვეთება, რასაც მანამდე კანის პიგმენტაცია ფარავდა. ვიზაჟის დროს ერთმა მინიმალურმა შტრიხმა ქალი შეიძლება ძალიან ლამაზი გახადოს, მოკლედ, ეს ერთგვარი ჯადოქრობაა...