თბილისი, 16 მაისი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა რეკომენდაციები სილამაზის სალონებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის, რომლებიც მათ 18 მაისიდან უნდა დაიცვან.
დისტანცია და ელექტრონული ჩაწერა: როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები >>
წინასწარი ჩაწერა და დისტანცია
ძირითად რეკომენდაციებს შორისაა სავალდებულო წინასწარი ჩაწერა - რიგების და კლიენტების დიდი რაოდენობის თავშეყრის დავიდან აცილების მიზნით. ხუთი კვადრატული მეტრის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ ერთი კლიენტი და მომსახურე პერსონალის ერთ-ერთი თანამშრომელი.
მანძილი სამუშაო ზონებს შორის არ უნდა აღემატებოდეს ორ მეტრს. თუ ეს შეუძლებელია, დასაშვებია სხვადასხვა ბარიერების გამოყენება, მაგალითად, გასაწევი ტიხრების, შირმების და ა.შ., რომლებიც ზედმიწევნით უნდა იქნას დეზინფიცირებული.
მუდმივი კონტროლი
სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, რომლებშიც ოცი და ოცზე მეტი ადამიანი მუშაობს, ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებამდე შენობის შესასვლელთან თანამშრომელთა და კლიენტების თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს.
შესასვლელთან ასევე უნდა იყოს განთავსებული დეზობარიერი. სასურველია, რომ კლიენტმა მომსახურების საფასური საბანკო ბარათით გადაიხადოს.
იმ მომსახურების დროს, რომელიც მოიცავს სახის, ხელების ან ფეხების პროცედურებს, უნდა მოიხსნას ინდივიდუალური დაცვის მხოლოდ შესაბამისი საშუალება (მაგალითად, სახის პროცედურის დროს უნდა მოიხსნას მხოლოდ პირბადე). პროცედურის დროს კლიენტებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს ორ მეტრს, ხოლო სტილისტი უნდა იყოს აღჭურვილი დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.
ხელმძღვანელი ვალდებულია...
რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის მოვალეობებში შედის განცხადებების განთავსება COVID-19-თან დაკავშირებული პროფილაქტიკური ზომების შესახებ, ასევე ხელის სადეზინფექციო საშუალებების განთავსება.
დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს თანამშრომლები და კლიენტები ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით, ხოლო თანამშრომლები - პირბადეებით, დამცავი სათვალეებით, დამცავი სამოსით და სხვ.
პირბადე უნდა შეიცვალოს მისი დაბინძურების მიხედვით, მაგრამ ოთხ საათში ერთხელ მაინც. სამუშაო იარაღების და აღჭურვილობის დეზინფექციის და სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცის ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია.
ზოგადი რეკომენდაციები
ადგილი, სადაც კლიენტები მომსახურების საფასურს იხდიან, უნდა იყოს შემოღობილი გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში თანამშრომელს, სხვა დამცავი საშუალებების გარდა, დამცავი ფარი უნდა ეკეთოს.
ყოველი სამუშაო დღის ბოლოს სამუშაო ადგილი უნდა დასუფთავდეს სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან ხელების ჰიგიენის წესები, გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. მუშაობისას არ შეეხონ თვალებს, ცხვირსა და პირს, თმები უნდა ჰქონდეთ შეკრული, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი თმების კონტაქტი თვალებთან და სახესთან.