თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში კრონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
გუშინ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს ამას კიდევ ორი დაემატა.
სოფელ მუშევანში კორინავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. გუშინ ამ სოფელში შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მეზობელ სოფელ გეტაში კი რვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში სულ 139 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან გამოჯანმრთელდა 49, გარდაიცვალა სამი.
სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დილიდან გამოცხადდა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოეწყო. სოფელ მუშევანში კი უსაფრთხოების ზომები 25 აპრილიდან გამკაცრებულია.
„ამ დროისთვის ბოლნისის რაიონში მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. გარკვეული წინააღმდეგობა არის მოსახლეობის მხრიდან, რომელიც შიშით და უნდობლობით უდგება ყოველივე ამას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარმა.
15 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 671 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელდა 393 პაციენტი, გარდაიცვალა 12. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს სამი მოქალაქეა გადმოყვანილი. კარანტინში იმყოფება 3 873 ადამიანი, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 404 პაციენტია.