თბილისი, 14 მაისი - Sputnik. საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომდევნო ექვსი თვით თავმჯდომარეობას საბერძნეთს ოფიციალურად პარასკევს გადააბარებს.
ევროპის საბჭო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას მის წევრებს, ევროპის ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების, დემოკრატიული განვითარების, კანონიერების და კულტურული ურთიერთქმედების კუთხით. საქართველომ ოფიციალურად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი 2019 წლის 27 ნოემბერს მიიღო.
საბერძნეთისთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ოფიციალური ცერემონია 15 მაისს სტრასბურგში ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი შეაჯამებს საქართველოს თავმჯდომარეობის შედეგებს და თავმჯდომარის პოსტს მილტიადის ვარვიციოტისს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადასცემს, რომელიც წარადგენს თავისი ქვეყნის თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს, აღნიშნულია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ამის შემდეგ საქართველოს ელჩი საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროპის საბჭოში თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს.
საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პრიორიტეტები იყო: ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა, მოქალაქეების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება, დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველომ თავმჯდომარეობის პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ COVID-19-ის პანდემია ორგანიზაციის მუშაობისთვის რთულ გამოწვევად იქცა, მაგრამ საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევითა და ორგანიზაციის სათანადო სამსახურების ხელშეწყობით აპრილის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა ახალი მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურები და ვიდეოკონფერენციები.
„ამის წყალობით მინისტრთა კომიტეტმა შეძლო სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე მიღებულია მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში“, - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციაში.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე პირველად გახდა - მან თავმჯდომარეობა 2019 წლის ნოემბერში საფრანგეთისგან გადაიბარა, რომელმაც, თავის მხრივ, ის იმავე წლის მაისში ფინეთისგან მიიღო. საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. დღეს 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის შემადგენლობაში 47 სახელმწიფოა.