თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დღის განმავლობაში ცნობილი გახდება, სად გაიმართება მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ჟენევაში განუცხადა.
„26 თებერვალს იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული მინისტერიალის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით. ვიცი, რომ ქართული საზოგადოების ძალიან დიდი მოლოდინია. გადაწყვეტილების შემდეგ მექნება შესაძლებლობა, განვმარტო ყველაფერი იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებაც იქნება სტრასბურგში მიღებული", – განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველომ, როგორც ევროპის საბჭოში თავმჯდომარე ქვეყანამ, 14-15 მაისს ევროპის საბჭოს მინისტერიალსა და ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. მისი ჩატარების ადგილის პრობლემა თბილისში რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლას უკავშირდება ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების გამო. ოფიციალური თბილისი, ერთი მხრივ, შიშობს, რომ რუსული დელეგაციის ჩამოსვლა არასასურველ ექსცესებს გამოიწვევს, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველომ, როგორც ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ორგანიზაციის წესდება უნდა დაიცვას.
საქართველო ევროპის საბჭოს წევრი 1999 წლის 27 აპრილს გახდა. ამჟამად 1949 წელს დაარსებული ორგანიზაციის წევრია 47 სახელმწიფო.
ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსი საქართველომ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო. საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ნახევარი წლის განმავლობაში, 2020 წლის მაისამდე უხელმძღვანელებს.