თბილისი, 14 მაისი — Sputnik. ისრაელი შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომლის მოქალაქეებისთვისაც საქართველო გააღებს კარს და „მწვანე დერეფანს“, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ხელისუფლება მშვიდ ზაფხულს პროგნოზირებს და შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან, ხოლო უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრის 1 ივლისიდან გახსნას გეგმავს. საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
გახარიას სიტყვებით, საქართველო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„რამდენიმე ქვეყანასთან წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც სულ მალე ჩვენთვის მისაღები შედეგით დასრულდება. პირველი ასეთი ქვეყანა, როგორც ჩანს, იქნება ისრაელი, რომელთანაც ჩვენ გვექნება უსაფრთხო „მწვანე დერეფანი“ ამ ქვეყნიდან ტურისტების მისაღებად და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი ისე მივიღოთ, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას შეეფერება და ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა გახარიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და მეზობელ სახელმწიფოებთან.
„ეს მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში ლოგიკურ დასასრულამდე მივა, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ყველამ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ის წესები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება“, – აღნიშნა გახარიამ.
გახარიამ დასძინა, რომ საქართველოსთვის პანდემია და გლობალური კრიზისი – ეს არის საშუალება, გახდეს უფრო ეფექტური და წარმატებული გლობალურ კონკურენციაში. ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ტურიზმი და საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს ტურიზმის გახსნას, მის ამოქმედებას და სტუმრების მიღებას. ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, განაცხადა გახარიამ.
როგორც ცნობილია, ისრაელის მთავრობამ საქართველოს და კიდევ შვიდ ქვეყანას მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სტატუსი მიანიჭა.
ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.