თბილისი, 13 მაისი – Sputnik. მსახიობ კოტე თოლორდავას დაბადების დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მისი მონაწილეობით სპექტაკლის ონლაინ ჩვენებას გეგმავს.
13 მაისი კოტე თოლორდავას დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით მოზარდ მაყურებელთა თეატრი ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე წარმოადგენს რეჟისორ ხათუნა მილორავას სპექტაკლს „დეჟა ვუ”. სპექტაკლი ალექსანდრე გელმანის პიესის მიხედვით დაიდგა. სპექტაკლში მონაწილეობენ კოტე თოლორდავა და ნინო ლეჟავა.
მოზარდ მაყურებელთა თეატრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე სპექტაკლის ონლაინ ჩვენება 15:00 საათზე დაიწყება.
თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი, 35 წლის კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მოსკოვში მსახიობი ფილმში გადასაღებად იყო ჩასული.
კინოფილმში მონაწილეობენ რუსული კინოს ვარსკვლავები: სერგეი ბეზრუკოვი, ვლადიმირ მენშოვი, მარინა ალექსანდროვა, ვალენტინ გაფტი, იური კუზნეცოვი და სხვები.
ფილმის რეჟისორია ანა მატისონი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია ფილმებით „სატისფაქცია“, „ნაძვები 2“, „ნაძვები 3“, „ნაძვები 1914“.
კოტე თოლორდავამ ფილმში ქართველი ტაქსის მძღოლის გიგას ეპიზოდური როლი შეასრულა. მას სერგეი ბეზრუკოვის პერსონაჟი მიჰყავს ოჯახში და მოულოდნელად ხდება მთავარი გმირის ცხოვრების დრამატული მოვლენების მონაწილე.