თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მსახიობის მონაწილეობით გადაღებული უკანასკნელი ფილმი „Млечный путь" რუსეთის კინოგაქირავებაში 2016 წლის 1 იანვრიდან გამოვა, — იუწყება რუსული მედია.
თეატრისა და კინოს ქართველი მსახიობი, 35 წლის კოტე თოლორდავა 2015 წლის 11 აპრილს მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა, მოსკოვში მსახიობი ფილმში გადასაღებად იყო ჩასული.
კინოფილმში მონაწილეობენ რუსული კინოს ვარსკვლავები: სერგეი ბეზრუკოვი, ვლადიმირ მენშოვი, მარინა ალექსანდროვა, ვალენტინ გაფტი, იური კუზნეცოვი და სხვები.
ფილმის რეჟისორია ანა მატისონი, რომელიც მაყურებლისთვის ცნობილია ფილმებით „სატისფაქცია“, „ნაძვები 2“, „ნაძვები 3“, „ნაძვები 1914“.
კოტე თოლორდავამ ფილმში ქართველი ტაქსის მძღოლის, გიგას ეპიზოდური როლი შეასრულა. მას სერგეი ბეზრუკოვის პერსონაჟი მიჰყავს ოჯახში და მოულოდნელად ხდება მთავარი გმირის ცხოვრების დრამატული მოვლენების მონაწილე.