თბილისი, 12 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის პირველ და მეორე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დასასრულს უახლოვდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე მონაკვეთის ჯაპანა–ლანჩხუთის მშენებლობა. 15-კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები ხორციელდება.
სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მეორე, 18,5-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 16 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მეორე მონაკვეთი გურიის რეგიონში ქალაქ ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს – ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. პროექტის ღირებულება 254 მლნ ლარია.
სამშენებლო სამუშაოები ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილი გზის პირველ 11,5-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც ამ დროისათვის ხიდების მშენებლობა, წყალგამტარი მილების, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, რვა სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას, სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.
სამუშაოების ღირებულება 89 მილიონი ლარია. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.
პროექტის მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის ამაღლება, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა აღმოსავლეთი-დასავლეთის სატრანზიტო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში ხორციელდება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.