თბილისი, 10 მაისი - Sputnik. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, დარიალის ხეობაში გზის სავალი ნაწილიდან თხევადი აირის გადამტანი სატვირთო ავტომობილი გადავარდა და ერთი ადამიანი დაშავდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ავტომობილი თხევადი აირით დატვირთული არ ყოფილა.
„ადგილზე გამოცხადნენ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სამუშაოების შედეგად, მაშველების მიერ დეფორმირებული კაბინიდან გადმოყვანილი იქნა რუსეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე. მამაკაცს აღენიშნებოდა ქვედა კიდურების დაზიანებები და იმყოფებოდა კონტაქტურ მდგომარეობაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ გადაყვანილია საავადმყოფოში და უტარდება შესაბამისი დახმარება.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.