თბილისი, 9 მაისი - Sputnik. გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეეფარდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობისთვის ექვს პირს ბრალდება ორი დღის წინ წარედგინა.
საქმე მცხეთის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პროცესი დისტანციურად წარიმართა. სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ თითოეული ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
პასუხისგებაში მიცემულ ექვსივე პირს ერთი ადვოკატი იცავს. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაციას არ იზიარებს.
გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს >>
შემთხვევა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, გუდაურის ახალ დასახლებაში კობიაშვილმა სრულიად უმიზეზოდ 19 წლის მ.უ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში ხელის და ფეხის დარტყმებით სცემა. ნაცემმა მ.უ.-მ კი დასახმარებლად ასაკით უფროს მეგობრებს მიმართა, რომლებთან ერთადაც კობიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კობიაშვილმა შურისძიების მოტივით ერთი მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ერთი კი დაჭრა.
მერაბ კობიაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა), 19-109-ე (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით აქვს წარდგენილი.