თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
საუბრის დროს ქვეყნების ლიდერებმა ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავი მიულოცეს ერთმანეთს და ხაზი გაუსვეს იმ სამოკავშირეო ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აერთიანებდა ხალხებს და შესაძლებელი გახადა საერთო მტრის დამარცხება.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ ტრადიციების გათვალისწინებით რუსეთსა და აშშ-ს ბევრის მიღწევა შეუძლიათ თანამედროვეობის მწვავე პრობლემების გადაჭრის კუთხით, სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფის, ტერორიზმთან ბრძოლის, რეგიონული კონფლიქტების დარეგულირებისა და ეპიდემიებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ჩათვლით“, — ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, პრეზიდენტებმა განიხილეს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიტუაცია, ხოლო ამერიკულმა მხარემ რუსეთს სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემა შესთავაზა.
სახელმწიფოთა მეთაურები საუბრისას ასევე შეეხნენ ნავთობის მსოფლიო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას.
საუბრის ბოლოს ლიდერებმა კმაყოფილება გამოთქვეს შემდგარი კომუნიკაციის გამო და კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსულ-ამერიკული დიალოგისა და კონტაქტების მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში.