თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სამშაბათიდან, 5 მაისიდან საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სამშაბათიდან ნებადართული იქნება ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტოსერვისების და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა და ქუთაისსა და ბათუმში შესვლა–გამოსვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები:
- ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?
- არა, რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.
- დასაშვებია თუ არა ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?
– არა, კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.
- დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?
– არა, ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების ადგილებში.
- ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?
– დიახ, ჩამონათვალში შედის მოტოციკლების, მოპედებისა და ველოსიპედების ტექმომსახურებაც
- ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა თუ არა დაცული იყოს შესაბამისი წესები და რეკომენდაციები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.)?
– დიახ, შესაბამისი წესების დაცვა სავალდებულოა.
კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესისთვის შეზღუდვები 31 მარტიდან აამოქმედა და საწარმოების კონკრეტული სია გამოაქვეყნა, რომელთაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ. მოგვიანებით სიის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ იცავს ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.