თბილისი, 5 მაისი – Sputnik. 5 მაისიდან საქართველოს მთავრობის გეგმით გათვალისწინებული ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი იწყება.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, სამშაბათიდან ნებადართული იქნება ყველა სახის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ავტოსერვისების და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა და ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა–გამოსვლა.
ამასთან, სამშენებლო მასალების გაყიდვა ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ ვარიანტით არის შესაძლებელი.
ბათუმსა და ქუთაისში შესვლა–გამოსვლაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, ამ ქალაქებში კომენდანტის საათის მოქმედება გრძელდება, მოქალაქეებს სპეცნებართვის გარეშე ეკრძალებათ ქუჩაში გასვლა 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.
თითოეულმა ობიექტმა, რომლის საქმიანობაც ნებადართულია, უნდა დაიცვას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. საუბარია სამედიცინო პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების ხელმისაწვდომობაზე.
კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესისთვის შეზღუდვები 31 მარტიდან აამოქმედა და საწარმოების კონკრეტული სია გამოაქვეყნა, რომელთაც მუშაობის უფლება შეუნარჩუნდათ. მოგვიანებით სიის გაფართოების გადაწყვეტილება იქნა მიღებული მათთვის, ვინც დაადასტურებდა, რომ იცავს ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
27 აპრილიდან კორონავირუსის საფრთხის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების, მათ შორის, ტაქსების გადაადგილება, ინტერნეტ–მაღაზიების (საცალო და საბითუმო) მუშაობა, ნებისმიერი პროდუქციის მიტანის სერვისი და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა.
ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის პროცესის ფარგლებში კომპანიები, რომელთაც საქმიანობის აღდგენის სურვილი აქვთ, 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრირდებიან და სპეციალურ ფორმას ავსებენ. შრომის ინსპექციისა და ზედამხედველობის სამსახურის და ასევე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები მონიტორინგს გაუწევენ საგანგებო მდგომარეობის პირობებში კომპანიების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების წესების შესრულებას.
მთავრობა კორონავირუსის საფრთხის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ექვს ეტაპად აპირებს. ამავე დროს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია გაუქმებული შეზღუდვების ხელმეორედ დაწესება, ასევე მომდევნო ეტაპის ვადების გადახედვა.